27/10/2024
12:28
არჩევნები 2024
ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საქართველოში საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა წარმატებით განხორციელდა.
„საარჩევნო ადმინისტრაციის თითქმის ორწლიანმა დაუღალავმა შრომამ შესაბამისი შედეგი გამოიღო და დღეს სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენს მიერ პროცესის დაგეგმარება და ორგანიზება ყველა ეტაპზე იყო სწორად წარმართული.
ჩემი სიტყვების დასადასტურებლად კი რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს მოგიყვანთ. 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს საერთო ჯამში გამოყენებული იყო 15 000-მდე აპარატი, საიდანაც მხოლოდ 20 გამოვიდა მწყობრიდან. ამის მიუხედავად, ყველა შემთხვევაში მოხერხდა საარჩევნო პროცესის გაგრძელება ტექნოლოგიების გამოყენებით და არც ერთ საარჩევნო უბანზე არ დამდგარა ხმის მიცემის პროცესის ტრადიციულ მეთოდზე გადასვლის საჭიროება.
არსებული კარგი პრაქტიკის შესაბამისად, ტექნოლოგიების გამოყენებისას ძალიან კარგ შედეგად ითვლება თუ საარჩევნო პროცესის დროს აპარატების ერთი პროცენტი გამოვიდა მწყობრიდან, ჩვენ შემთხვევაში კი ამ რიცხვმა დაახლოებით 0,1% შეადგინა, რაც ძალიან კარგი შედეგია“,- განაცხადა კალანდარიშვილმა.
ცესკო-ს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისთვის, არჩევნების მოდერნიზების პროცესში შეტანილი წვლილისთვის და მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის.
„ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ pro v&v-მ, რომელსაც აშშ-ში აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და იმ ორი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელსაც გააჩნია ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია. მას არა მხოლოდ ხმის მიცემის სისტემის ტესტირების უფლებამოსილება აქვს და წარმოადგენს საარჩევნო ლაბორატორიას, არამედ ის თავად ახორციელებს ლიცენზიების გაცემას ვენდორი კომპანიებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ტექნოლოგიების იმპლემენტაციას ახორციელებენ. სულ ცოტა ხნის წინ დავასრულე აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა. მათ ოფიციალურად გადმოგვცეს პირველი და მეორე ეტაპის რევიზიის დასკვნა, რომელიც ადასტურებს აპარატების გამართულ მუშაობას. დოკუმენტი ითარგმნება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა ჩართული მხარისთვის, მათ შორის მყისიერად გაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებს. აღნიშნული დოკუმენტი პასუხს სცემს ყველა კითხვას, მათ შორის იმ მანიპულაციურად წამოჭრილ საკითხს, თითქოს ამომრჩეველთა ერთიან სიაში იყო დუბლირების ფაქტები. ეს ბრალდება იმთავითვე უსაფუძვლოა რამდენიმე ფაქტორის გამო. პროცესში არსებობს ქაღალდის კვალი, ყველა ვერიფიკაციის აპარატიდან იბეჭდებოდა სიები და ის საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ნებისმიერ დროს აქვთ სიების საჯარო ვერსიის ადმინისტრაციიდან გამოთხოვის და შემოწმების შესაძლებლობა და გამოითხოვენ კიდეც და სხვა არა ერთი მტკიცებულება.
დღეს ხსენებულმა ამერიკულმა კომპანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული კითხვები, არის უსაფუძვლო და დაადასტურა, რომ გამოყენებული ტექნოლოგიები პასუხობს როგორც ადგილობრივ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო კარგ პრაქტიკასა და სტანდარტებს. აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომპანია „სმარტმატიკს“, რომელთან თანამშრომლობითაც განხორციელდა არჩევნების მოდერნიზების პროცესი. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომპანია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს არჩევნების მოდერნიზებას. მათ შორის, აშშ-ში, კანადაში, ესტონეთში, ბელგიაში და ა.შ. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩართულ მხარეს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას და იმ უწყებებს, რომლებიც არჩევნების ორგანიზების პროცესში ჩვენთან თანამშრომლობდნენ“,- აღნიშნა კალანდარიშვილმა.
ცეკო-ს თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო ტექნოლოგიებთან ადვილად ადაპტირდა ამომრჩეველიც, რაც ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმირების კამპანია, რომელიც არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე დავიწყეთ ეფექტიანი იყო.
„აქტიურობისთვის და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის მადლობას ვუხდი ამომრჩევლებს. რაც შეეხება შედეგებს. ამ დროისთვის დათვლილია 3 100 უბნის შედეგი, რაც შეადგენს საარჩევნო უბნების 99,646 %-ზე მეტს და შესაბამისი ოქმები ატვირთულია ვებგვერდზე – results.cec.gov.ge. ველოდები ცხრა უბნის შედეგების (ოქმების) გადმოგზავნას უცხოეთიდან.
წინასწარი შედეგების მიხედვით ამომრჩეველთა ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად:
„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ 3 950 ხმა, 0.191 პროცენტი „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 225 680 ხმა, 10.923 პროცენტი; „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ 209 137 ხმა, 10.122 პროცენტი; „ევროპელი დემოკრატები“ 8 036 ხმა, 0.389 პროცენტი; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 50 463 ხმა, 2.442 პროცენტი; „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – 181 424 ხმა, 8.781 პროცენტი „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ 15 057 ხმა, 0.729 პროცენტი; „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ 1 866 0.09 პროცენტი; „შეცვალე საქართველო“ 12 565 ხმა, 0.608 პროცენტი; „საქართველო“ 2 775 ხმა, 0.134 პროცენტი; „თავისუფალი საქართველო“ 4 149 ხმა, 0.201 პროცენტი; „ტრიბუნა“ 2 487 ხმა, 0.12 პროცენტი; „ჩვენ“ 2 595 ხმა, 0.126 პროცენტი; „გახარია საქართველოსთვის“ 160 354 ხმა, 7.761 პროცენტი; „მემარცხენე ალიანსი“ 1 388 ხმა, 0.067 პროცენტი; „ქართველ ერთობა“ 4 503 ხმა, 0.218 პროცენტი; „გირჩი“ 62 217 ხმა, 3.011 პროცენტი; „ქართული ოცნება“ 1 117 480 ხმა, 54.086 პროცენტი“,- აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.
0
0