07/04/2023
13:15
პოლიტიკა
„კელი დეგნანმა გუშინდელ ინტერვიუში აჯობა ნაცმოძრაობას და წარმოუდგენელი უტიფრობით აუარა გვერდი ჟურნალისტის კითხვას, სააკაშვილ-ადეიშვილის სასამართლოს შესახებ. ელჩმა გუშინ ყველაფერს გადაუსვა ხაზი - სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს; ქვეყნებს შორის ურთიერთობის დაწერილ და დაუწერელ ნორმებს; დამოუკიდებელი სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებულ სუვერენულ უფლებებს,“ - ასე აფასებს საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ინტერვიუს.
შაქარიშვილის განცხადებით, აშშ-ის მიზანია, სანქციების დახმარებით მოხდეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა და გადატრიალების მოწყობა გაადვილდეს.
მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტის მაგალითია დღევანდელი სასამართლო სისტემის მიმართ კრიტიკა, იმ ფონზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი სასამართლო, რომელიც რეჟიმის მთავარი ინსტრუმენტი იყო, არ ხდებოდა აშშ-ის კრიტიკის ობიექტი.
„სასამართლო სისტემაზე საუბრისას, „ნაცმოძრაობის“ ყველაზე ოდიოზური და უტიფარი წარმომადგენელიც კი, მართალია არაგულწრფელად, მოჩვენებითი ობიექტურობისთვის, მაგრამ მაინც იტყვის, რომ მათი მმართველობის დროს სასამართლო სისტემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება იყო შეცდომა და რომ მაშინ მართლაც არსებობდა უამრავი პრობლემა. კელი დეგნანმა გუშინდელ ინტერვიუში აჯობა „ნაცმოძრაობას“ და წარმოუდგენელი უტიფრობით აუარა გვერდი ჟურნალისტის კითხვას, სააკაშვილ-ადეიშვილის სასამართლოს შესახებ.
ელჩმა გუშინ ყველაფერს გადაუსვა ხაზი - სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს; ქვეყნებს შორის ურთიერთობის დაწერილ და დაუწერელ ნორმებს; დამოუკიდებელი სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებულ სუვერენულ უფლებებს! მან, საკუთარი ქვეყნის დამფუძნებელ მამებს აქცია ზურგი და კიდევ ერთხელ დაგვანახა დღევანდელი ამერიკის რეალური სახე! ფარისევლობის და ორმაგი სტანდარტების მწვერვალია - ამჟამინდელ სასამართლოსთან მიმართებით იყო ასეთი არაადეკვატურად, უსაფუძვლოდ კრიტიკული და ერთი სიტყვა არ წამოგცდეს სასამართლოდ წოდებულ, „ნაცმოძრაობის“ ძალადობრივი რეჟიმის მთავარ ინსტრუმენტზე.
როგორ გვჭირდებოდა მაშინ ერთი კრიტიკული განცხადება, ერთი სამართლიანი შეფასება, მცირედი სოლიდარობა, როდესაც რეჟიმთან უთანასწორო ბრძოლაში ვიყავით! მაგრამ ნაცვლად ამისა, აშშ-ის იმდროინდელი ადმინისტრაცია “დემოკრატიის შუქურას” უწოდებდა სააკაშვილის მმართველობას და რეპრესიებს - რეფორმებად გვასაღებდა! მაშინ, რომ ამოეღოთ ხმა, დღეს მართლაც კიდევ უფრო კარგი სასამართლო სისტემა გვექნებოდა და ასეთი მძიმე მემკვიდრეობის პირობებში არ მოუწევდა ხელისუფლებას მოქმედება! ქართულ საზოგადოებას ჰქონდა და აქვს ლეგიტიმური უფლება იყოს კრიტიკული სასამართლო სისტემის მიმართ.
იმ საზოგადოებას, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმის ძალადობრივი სისტემის სიმწარე საკუთარ მხრებზე აქვს გადატანილი. ამ ხალხს ვერავინ დაასწრებს კრიტიკას, სასამართლოს მიმართ იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი სახელისუფლებო შტოს მისამართით! მაგრამ დღეს, საზოგადოებისთვის ნათელია, რომ აშშ-ის გაშმაგება გამოწვეულია იმით, რომ ვერ აკონტროლებენ სასამართლოს ისე, როგორც ამას აკეთებდნენ სისხლიანი რეჟიმის დროს! ეს არის და ეს! აშკარაა მათი მიზანი - სანქციებით და მსგავსი ქმედებებით ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუტები და გაამარტივონ ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა. ამას არავინ დაუშვებს!“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.
0
0