
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩის დანიშვნის შესახებ ისაუბრა.
მისივე თქმით, ეს პროცედურა უკვე დაწყებულია და იმედი აქვს, საქართველოს მალე ეყოლება ღირსეული წარმომადგენელი აშშ-ში.
"ნებისმიერ ქვეყანასთან დიპლომატიურ ურთიერთობებში საელჩოს და ელჩს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საელჩოებისა და ელჩების საქმიანობა, როდესაც საუბარი ეხება საქართველოს ინტერესების დაცვას ქვეყნის ფარგლებს გარეთ. როდესაც ჩვენ აშშ-ის ინტერესებზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, აშშ-ის საელჩო დაიცავს ამერიკის ინტერესებს საქართველოში და, რა თქმა უნდა, ჩვენი საელჩო აშშ-ში არის იმისთვის, რომ დაიცვას საქართველოს ეროვნული ინტერესები აშშ-ში და არამხოლოდ - ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც ჩვენ საელჩოები გვაქვს.
ეს არის პროცესი, რომელსაც აქვს თავისი ეტაპები. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მიმდინარეობს - ჩვენ არ დაგვიმალავს, ელჩის კანდიდატურა წარდგენილია და მოველით, რომ აშშ-ის მხრიდან დასრულდება ის პროცედურები, რაც სჭირდება ელჩის კანდიდატურის მიღებას და დამტკიცებას და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ საქართველოს ინტერესებს ჰყავდეს ღირსეული წარმომადგენელი აშშ-ში და იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0