
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, დავით გურგენიძეს უსმენენ.
დავით გურგენიძემ ისაუბრა იმის შესახებ, როგორ მოხვდა ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება გიული ალასანიასა და მისი მეგობრების ხელში, რომლებმაც, მისივე განმარტებით, დააფუძნეს „საქართველოს უნივერსიტეტი“ ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების ბაზაზე და „საქართველოს უნივერსიტეტი“ დღემდე ფლობს ამ ქონებას.
დავით გურგენიძის განცხადებით, დადასტურებული ფაქტია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ქონების წართმევის გზით, იმდროინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარ დედას აუწყო ბიზნესი.
გურგენიძის თქმით, გიული ალასანიასთან ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით დიალოგი არ ჰქონია, რადგან ფიქრობს, რომ ამ დიალოგს აზრი არ აქვს.
„2004 წელს, როდესაც მთავრობა შეიცვალა, ქვეყანაც 2 000 წლის მერე დაღვინდა, დაწყნარდა. უნივერსიტეტში მიმდინარეობდა უკვე სარემონტო სამუშაოები. უნივერსიტეტს შეეძლო კრედიტების აღება. დაიწყო სპორტული მოედნების რეკონსტრუქცია. უნივერსიტეტს ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დღევანდელი ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე. საქართველოს ისტორიის კათედრაზე უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ ყველასთვის კარგად ცნობილი ქალბატონი გიული ალასანია. როგორც ჩემთვის არის ცნობილი და ეს ფაქტი ყველამ იცის, ქალბატონმა გიული ალასანიამ 2006 წელს მიმართა წინადადებით რექტორს, როდესაც პრეზიდენტი გახლდათ მიხეილ სააკაშვილი, რომ უნივერსიტეტს შეექმნა დასავლური ცივილიზაციის პროგრამების შემსწავლელი სამეცნიერო სასწავლო სამაგისტრო სწავლების ცენტრი, ზუსტად აქედან იწყება, რადგან როდესაც ქვეყანას ებრძვიან, იწყებენ უნივერსიტეტებთან, ინტელიგენციასთან და სარწმუნოებასთან ბრძოლას. ამ თხოვნის შემდეგ ჩვეულებრივად ჩამოყალიბდა ეს ცენტრი, რომელსაც გამოეყო უნივერსიტეტის 12 სალექციო ოთახი. ყველას ეგონა, რომ ეს იყო საშური საქმე და როდესაც ამას პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა ჩაუდგებოდა სათავეში, უნივერსიტეტისთვის ეს იქნებოდა ძალიან დიდი გარღვევა საერთაშორისო სარბიელზე, თუმცა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს არასდროს აკლდა საერთაშორისო სარბიელზე ავტორიტეტი და არც დღეს აკლია. მაშინ ახალი საფუძველი ჰქონდა ჩაყრილი სოციალურ ჰუმანიტარულ მიმართულებებს ჩვენს უნივერსიტეტში და ასევე, რექტორატმა ჩათვალა, რომ ქალბატონი გიულის ლიდერობით, ბევრ წარმატებას მივაღწევდით. ამის შემდეგ იწყება წნეხი უნივერსიტეტის რექტორზე, აკადემიკოს რამაზ ხუროძეზე და მთელ რექტორატზე. უნივერსიტეტში შემოდის კონტროლის პალატა და უნივერსიტეტი გადის ავტორიზაციას. ავტორიზაციას ხელმძღვანელობს განათლების სამინისტროდან, ჩვენთვის კარგად ცნობილი ქალბატონი ჩიორა თაქთაქიშვილი. უნივერსიტეტს უჩერდება ავტორიზაცია იმ მიზეზით, რომ მას არ ჰყოფნის ფართები. რა თქმა უნდა, ეს ბატონი ხუროძესთვის პიროვნულადაც, როგორც პედაგოგისთვის, მძიმე დარტყმა იყო. მიხვდა, რომ უნივერსიტეტისთვის კიდევ მეტი დარტყმები იქნებოდა და პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
დავით გურგენიძის თქმით, „ეს საქმე გამოსაძიებელია და ეს ჩვენი თაობის ვალიც არის“.
„მართლა არავის არ წარმოუდგენია ასეთი რამის გაკეთება პრეზიდენტის მხრიდან, ისიც არ წარმოგვედგინა, პრეზიდენტი სხვა ქვეყნის მოქალაქე რომ გახდებოდა, რას იზამ, მაგრამ რაც შეგვიძლია, ის ხომ უნდა დავაბრუნოთ. გამოძახებული იყოს მაშინდელი „საქართველოს უნივერსიტეტის“ დამფუძნებლები, ხელმძღვანელები და საქართველოს მოსახლეობას და არა მარტო საქართველოს მოსახლეობას, გასცენ პასუხი“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.
დავით გურგენიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტს და ხელისუფლებას საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის.
„ეს კომისია რომ არ ყოფილიყო, ეს საკითხი, ფაქტობრივად, გადაუწყვეტელი იქნებოდა, ეს არის ჩემი აზრიც და პროფესურის, მეცნიერების, მკვლევრების აზრი. გაუჭირდებოდა პროკურატურას და სასამართლოს ამ საკითხზე მსჯელობა. ბევრმა სტუდენტმა ეს იცის, მაგრამ ნოემბრის ცნობილი მოვლენები რომ იყო, ბევრი სტუდენტი მოდიოდა ჩვენთან ეზოში, ერთ-ერთ ბავშვს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, ვკითხე, შვილო, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით რომ გამოდიხარ ახლა, წაგიყვან და დაგანახებ, იცი, რომ ამ უნივერსიტეტს ნახევარი წართმეული აქვს. არ ვიციო. ალბათ საჭიროა, გვიყურონ და ნახონ, გაიგონ ახალგაზრდებმა, რა ხდება, რა ქონებაზეა საუბარი“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
დავით გურგენიძე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის ესაუბრება ელჩებს, რომლებიც ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობენ.
„ჩვენთან ხშირად სტუმრობდნენ ადრე ელჩები, ახლაც სტუმრობენ. როცა ვაცილებთ მათ, ყოველთვის გადავახედებთ ხოლმე მეორე მხარეს იმ დიდ შენობებსა და სტადიონებზე, რომლებიც უნივერსიტეტს წაართვა ჩვენმა „სასიქადულო“ პრეზიდენტმა, „ვივამედის“ პაციენტმა“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
რაც შეეხება კითხვას, რა პოზიცია აქვთ ელჩებს ამ საკითხზე, დავით გურგენიძემ უპასუხა: „რაც შეეხება ელჩებს, ზუსტად ის, რაც თქვენ წარმოგიდგენიათ, გააქნევენ ხოლმე თავს. ჩემთან პრივატულ საუბარში უმეტესობა, რა თქმა უნდა, აკრიტიკებს, პატარა ნაწილს, არ დავასახელებ ახლა ქვეყნებს, საუბარიც არ უნდა ხოლმე ამ თემებზე. ევროპული ქვეყნების უმეტესობა, ჩვენ ვისაც ვიცნობთ, ბევრთან მეგობრული ურთიერთობაც მქონდა, დღეს შეიძლება აღარ არიან, რა თქმა უნდა, ამას ძალიან მძიმედ იღებს. ეს არის ერთ-ერთი რიტუალი გაცილების დროს. მე თუ არ ვარ, ვიცე-ლექტორები და კანცლერიც ახორციელებენ, რადგან ეს თვალნათლივ ყველამ უნდა ნახოს“.
0
0