
ევროპა განგაშის ახალ მდგომარეობაში გადავიდა იმ სულ უფრო აშკარა სიგნალების ფონზე, რომლის თანახმადაც, აშშ-ს არა მხოლოდ აღარ სურს კონტინენტის უსაფრთხოების გარანტის ტვირთის ზიდვა, არამედ ღია მტრობასაც კი ავლენს ევროპელების მიმართ ისეთ სფეროებში, რომლებიც სცილდება უბრალო ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ კონკურენციას და ეხება სტრატეგიული და უსაფრთხოების საკითხების ყველაზე ღრმა ასპექტებს, - წერს ესპანური გაზეთი El País-ი.
გასულ ორშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას გრენლანდია - დანიის კუთვნილი ავტონომიური ტერიტორია - ეროვნული უსაფრთხოების მიზეზების გამო სჭირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ მის მიერ ამ საკითხზე დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს სურს „სათავეში ჩაუდგეს ამ პროცესს“.
მიმდინარე თვის დასაწყისში ვაშინგტონმა გამოაქვეყნა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია, რომელშიც ის ღიად ესხმის თავს ევროკავშირს. დოკუმენტში ევროკავშირი დახასიათებულია როგორც სუბიექტი, რომელიც „პოლიტიკურ თავისუფლებას ძირს უთხრის“ და „ცენზურასა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას“ უწყობს ხელს. ვაშინგტონი პირობას დებს, რომ „ხელს შეუწყობს წინააღმდეგობას“, რაც გულისხმობს მხარდაჭერის კამპანიას იმ ევროპული ნაციონალისტური ძალებისადმი, რომლებიც მიზნად ისახავენ საერთო ევროპული ინტეგრაციის პროექტის დემონტაჟს და მათზე ზეწოლას, ვინც ამ ინტეგრაციას უჭერს მხარს.
„მტრობის კიდევ ერთი სერიოზული მაგალითი ამ კვირაში გამოიკვეთა ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციებით ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონის მიმართ, რომელიც ადრე პასუხისმგებელი იყო ონლაინ კონტენტის მოდერაციისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიმართულ ტექნოლოგიურ რეგულაციებზე. სანქციები ასევე შეეხო იმ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, რომლებიც უკანონო და ექსტრემისტულ კონტენტს ებრძვიან. ეს არის ვაშინგტონის მორიგი ზეწოლის მცდელობა, რათა აიძულოს ბრიუსელი შეარბილოს წესები ამერიკული კომპანიებისთვის და სარგებელი მოუტანოს ტექნო-ოლიგარქებს, რომლებიც დღეს „ტრამპიზმის“ ეკოსისტემის ნაწილს წარმოადგენენ“, - ნათქვამია სტატიაში.
აშშ-ის ეს ინიციატივა, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედ პოლიტიკურ ლიდერებზე არ ვრცელდება, „უაღრესად სერიოზულია“, - აცხადებს ევროკავშირის მაღალჩინოსანი წყარო.
„ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ვაშინგტონი ევროპას კოლონიად განიხილავს, სურს შეინარჩუნოს მისი ვასალობა და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აქ თავისი წესები დაამკვიდროს“, - ამბობს წყარო, რომელიც ანონიმურობის პირობით საუბრობს ამ მეტად სენსიტიური საკითხის განხილვისას.
ეს ეპიზოდები იმ ამერიკული მტრობის მაგალითებია დასავლეთ ევროპის მიმართ, რომლის მსგავსიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ არ ყოფილა. არსებობს სხვა მაგალითებიც: დაწყებული ნატოს მოკავშირეების უსაფრთხოების „ქოლგის“ გაუქმების მუქარითა თუ მინიშნებებით - ორგანიზაციისა, რომელშიც აშშ-ს არა მხოლოდ უდიდესი შესაძლებლობები და დღეისათვის შეუცვლელი ლიდერობა აქვს, არამედ ბირთვული შეკავების შესაძლებლობებიც - დამთავრებული სავაჭრო ომით.
„რაც შეეხება ევროპას, ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ დიდი თანმიმდევრულობა და პროგნოზირებადობა გამოიჩინეს: მათ ჩვენი განადგურება სურთ“, - აღნიშნავს ნატალი ტოჩი, საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (Istituto Affari Internazionali) დირექტორი.
„დღეს აშშ ლიბერალურ დემოკრატიასა და ევროპულ ინტეგრაციას მოწინააღმდეგეებად მიიჩნევს“, - დასძინა ექსპერტმა.
ევროპის განგაშის მდგომარეობის განმსაზღვრელი ფუნდამენტური ფაქტორი უსაფრთხოების სფეროში აშშ-ზე ძლიერი დამოკიდებულებაა. ამას პირდაპირი გავლენა აქვს ევროპის უნარზე, დაიცვას თავი ავტონომიურად.
სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) ანგარიშის თანახმად, ევროპელები აშშ-ზე არიან დამოკიდებულნი ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორიცაა დაზვერვა, თვალთვალი და რეკოგნოსცირება, რისთვისაც მათ არ გააჩნიათ საკმარისი საჰაერო და კოსმოსური საშუალებები. ტექნიკური აღჭურვილობის სხვა დეფიციტი დაკავშირებულია საჰაერო თავდაცვის სათანადო სისტემების არქონასთან და შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო შესაძლებლობების ნაკლებობასთან.
1
0