ეკვადორში პროკურორი სესარ სუარესი მოკლეს. ის გუიაკიელში TC Television-ზე შეიარაღებული თავდასხმის საქმეს იძიებდა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.
სესარ სუარესს მკვლელები მაშინ დაედევნენ, როდესაც ის პროკურატურის შენობიდან გამოვიდა. პროკურორი მანქანაში ჩაცხრილეს. პოლიციამ 20-ზე მეტი ტყვიის კვალი აღმოაჩინა.
მკვლელობის შემდეგ ეკვადორში მდგომარეობა კვლავ დაიძაბა, რაც გასულ კვირას ციხეებში მომხდარი ძალადობის ფაქტების შემდეგ ნორმალურს უბრუნდებოდა.
რამდენიმე დღის წინ სუარესმა 13 დაკავებული დაკითხა, რომლებიც TC Televisión-ში იარაღით ხელში შეიჭრნენ და იქ მძევლები აიყვანეს, პოლიციას მიაჩნია, რომ პროკურორი დაჯგუფების, „ლოს ჩონეროსის“ წევრებმა მოკლეს.
საქმის გამოძიება ძალზე სარისკო იყო. მიუხედავად ამისა, პროკურორს დაცვა არ ჰყავდა.
როგორც ეკვადორის გენერალურმა პროკურორმა დიანა სალვარ მენდესმა განაცხადა, ქვეყანაში დანაშაულებრივ, ტერორისტულ და მაფიოზურ დაჯგუფებებთან ბრძოლა გაგრძელდება და ის კიდევ უფრო ძლიერი გახდება.
ეკვადორში მდგომარეობა 9 იანვრის შემდეგ გამწვავდა, როდესაც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხიდან მაფიის ბოსი ადოლფო მასიას ვილიამარი, მეტსახელად „ფიტო“ გაიქცა.
ვილიამარი ძალზე სასტიკი საქციელით არის ცნობილი და ის დაკავებამდე მთელ ქვეყანას ატერორებდა. მაფიის ბოსმა ციხეში 12 წელი გაატარა. სწორედ ის უდგას სათავეში ეკვადორის უმსხვილეს მაფიოზურ დაჯგუფებას, „ლოს ჩონეროსს“.
0
0