
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების შეფასებით, დაფიქსირებული შედეგები ნათლად მიანიშნებს, რომ, საგარეო შოკებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მაღალი ტემპით ვითარდება.
„2026 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 14.0%-ით გაიზარდა. ამასთან, 13.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაშიც.
ივნისის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ეკონომიკური აქტივობის ზრდამ ისეთ სექტორებში, როგორებიცაა: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ჯანდაცვა, საფინანსო და სადაზღვევო და ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები.
2026 წლის 6 თვის მაჩვენებლებით მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა. საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 20.0%-ით გაიზარდა და 3,876.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით (რეექსპორტის გარეშე), რომელიც 62.6%-ით გაიზარდა და 2,391.8 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
0
0