
აშშ აქტიურად დაუჭერს მხარს სან ფრანცისკოში მიმდინარე წელს დაგეგმილი საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნას, - ამის შესახებ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რობინ დანიგანმა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, ლევან დავითაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სან ფრანცისკოში მიმდინარე წელს დაგეგმილია საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნა, რომლის მიზანი ქართული სტარტაპ კომპანიების ინტერნაციონალიზაციის და გლობალურ ბაზრებზე წვდომის მხარდაჭერა, ასევე საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემით გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების, უცხოური ვენჩურული ფონდებისა და ენჯელ ინვესტორთა ქსელების დაინტერესება იქნება.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, რობინ დანიგანმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩო აქტიურად დაუჭერს მხარს აღნიშნულ პროექტს, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ერთობლივად განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო მისიების ხელშეწყობის საკითხები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის განხორციელდება.
0
0