
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ასევე, გადაისინჯა დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა. დაცვის მხარე მიქაუტაძის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
პროკურორმა განმარტა, რომ მიქაუტაძეს ახალი ბრალდებები დაემატა, მათ შორის, გამოძიება ყოფილ მაღალჩინოსანს ახლა უკვე არა 3 მილიონი ლარის, არამედ 8 400 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. სამართალდამცველებმა მიქაუტაძე 20 ივნისს დააკავეს.
"არ არსებობს არც ფორმალური და არც ფაქტობრივი საფუძველი იმისა, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნას ყველაზე მკაცრი სასჯელი. მიგვაჩნია, რომ, იმ პირობებშიც, თუ სასამართლო მიიჩნევს რომ არსებობს საფრთხეები, ეს შესაძლო იყო გირაოს და დამატებითი ღონისძიებების გამოყენებით აღკვეთილიყო, თუმცა სასამარეთლომ გადაწყვიტა, რომ მიღებული გადაწყვეტილება დაეტოვებინა ძალაში," - აცხადებს რომეო მიქაუტაძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე.
0
0