საბურთალის რაიონის ენერგომომარაგების გაუმჯობესების მიზნით კომპანია „თელასი“-ს მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე გაეცნო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ქვესადგურზე „სანაპირო“ მიმდინარეობს. აღნიშნულ ქვესადგურზე მიერთებული მომხმარებლების რაოდენობა 22,8 ათასს შეადგენს.
„სანაპირო“ წარმოადგენს 35/6 კვ ძაბვის ჩიხური ტიპის ქვესადგურს, რომელსაც ელექტრომომარაგება ქ/ს „დიდუბე-220“-დან ორი 35კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზით მიეწოდება.
ქვესადგური „სანაპირო“-დან ხორციელდება თბილისის საბურთალოს რაიონის ისეთი გამზირების და ქუჩების ელექტრომომარაგება, როგორებიცაა: პეკინის გამზირის, გელოვანის გამზირი, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, საბურთალოს ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, ქვემო და ზემო ვეძისის დასახლება, ანა კალანდაძის, იოსებიძის, შარტავას, ბუდაპეშტის, გოთუას და გაგარინის ქუჩები, ასევე მეტროსადგურების „პოლიტექნიკური უნივერსიტეტი“ და „სამედიცინო უნივერსიტეტი“.
სისტემატიურად მზარდი მოხმარების გამო, 2017 და 2021 წლებში ქვესადგურის დადგმული სიმძლავრე 50 მეგავატამდე გაიზარდა. ორი 16 მეგავატიანი ძალოვანი ტრანსფორმატორის ნაცვლად, დამონტაჟდა ორი ახალი 25 მეგავატიანი სიმძლავრის ტრანსფორმატორი. აღნიშნული მოდიფიკაციის შესაბამისად და გაზდილი სიმძლავრის სრულად და ეფექტურად განაწილებისათვის, საჭირო გახდა ქვესადგურის 6კვ გამანაწილებელ მოწყობილობის ორ სექციაზე ახალი N3 და N4 სექციების დამატება. აღნიშნული რეკონსტრუქცია კომპანიას მისცემს საშუალებას სრულად და ეფექტიანად გაანაწილოს გაზრდილი სიმძლავრე, ასევე მოახდინოს ელექტრომომარაგების წყაროს დივერსიფიცირება.
„როგორც ამ, ისე სხვა ქვესადგურებში კომპანიამ ჩაატარა მასშტაბური რეაბილიტაცია, რაც მომავალშიც გაგრძელდება. შედეგად, როგორც საბურთალოს, ისე ქალაქის სხვა უბნების მოსახლეობას ექნება უფრო სტაბილური ენერგომომარაგება. მნიშვნელოვანია, რომ ზამთრის სეზონისთვის როგორც არსებული ინფრასტრუქტურა იყო ტექნიკურად გამართული, ასევე კომპანია მზად იყოს, ნებისმიერი ტექნიკური ხასიათის გამოწვევისთვის. ჩვენ ვნახეთ, რომ „თელასში“ ამ მხრივაც მომზადებული არიან,“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
„კომპანიაში მოქმედებს საინვესტიციო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ელექტროქსელის განახლება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. ქვესადგური „სანაპირო“-ს რეაბილიტაცია ამ პროგრამის ნაწილია. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზანია თბილისის საბურთალოს რაიონების ელექტრომომარაგების ეფექტიანობისა და საიმედოობის ამაღლება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის“ - განაცხადა სს „თელასი“-ს გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.
0
0