
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, პრემიერს კითხვით მიმართა.
ეკა სეფაშვილმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს ქვეყნის ღირსეული წინამძღოლობისთვის და ირაკლი კობახიძეს სთხოვა, უფრო ზუსტად ესაუბრა იმ პროექტების შესახებ, რომელიც საქართველოს გლობალური როლის გაზრდას ემსახურება.
„ბატონო პრემიერო, ძალიან დიდი მადლობა ვრცელი მოხსენებისთვის, სადაც თვალსაჩინოდ იყო წარმოდგენილი საქართველოს პროგრესი, ყველა მიმართულებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
რა თქმა უნდა, ვუერთდები თქვენს მადლობას: ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ; ქართველი ხალხის მიმართ; ჩვენი სამართალდამცავების მიმართ; ჩვენი ეკლესიის მიმართ და ზოგადად, ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მედგრად იდგა საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვის სადარაჯოზე. როგორც აღმოჩნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოში, რომელიც, ფაქტობრივად, ომის ცეცხლში იწვის, ხოლო აქ, მშვიდობის პატარა კუნძულს ვინარჩუნებთ.
და პირადად თქვენ, ბატონო პრემიერო, დიდი მადლობა, ამ ღირსეული გუნდის წინამძღოლობისთვის, რასაც ჩვენი მინისტრთა კაბინეტი ჰქვია და რომლებიც ახერხებენ, საქართველოს ჰქონდეს პროგრესი ყველა მიმართულებით. მოვისმინეთ შთამბეჭდავი შედეგები და გეგმები ქვეყნის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით. ჩემი კითხვა სწორედ ამ საკითხს შეეხება:
თქვენ ახსენეთ პროექტები, რომელიც საქართველოს საერთაშორისო, გლობალურ როლს გაზრდის და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმ პრაგმატული პოლიტიკის გასაგრძელებლად, რასაც საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება. თუ შეიძლება, ცოტა უფრო ვრცლად რომ წარმოგვიდგინოთ თქვენი ხედვა და პოზიცია ამ პროექტების მომავალი განვითარების შესახებ, რომელიც ასე მნიშვნელოვანია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის, რაც, ფაქტობრივად, საქართველოს გლობალური როლის გაზრდას ემსახურება და იმ ძალიან მყარ საფუძვლებს ქმნის, რასაც ემყარება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის სატრანზიტო დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების მხრივ კომპლექსური ხედვა არსებობს.
0
0