
„მსურს გავიგო რომელიმე დასახელების პრეპარატზე ფლობთ თუ არა მონოპოლისტურ მდგომარეობას,“ - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა დღეს გამართულ სხდომაზე, მას შემდეგ რაც „ჯი-ემ ფარმას” დირექტორის გოჩა გოგილაშვილის მისამართით მის მიერ დასმულ კითხვაზე ვერ მიიღო შესაბამისი პასუხი.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ კომპანიის დირექტორი მანიპულაციურ პასუხებს სცემს კითხვებს, რომლებიც ბაზარზე „ჯი-ემ ფარმას“ მონოპოლისტურ მდგომარეობას ეხება.
„მაინტერესებს, „ჯი-ემ ფარმას” მიერ წარმოებული მედიკამენტებიდან, ერთი კონკრეტული დასახელების მედიკამენტით ბაზარზე რა წილს ფლობთ და როგორია საშუალო მაჩვენებელი. გასაგებია, რომ მთლიანად ფარმაცევტულ ბაზარზე შეიძლება 6-7% ფლობთ, მაგრამ შესაძლებელია რომელიმე ერთი კონკრეტული მედიკამენტის შემთხვევაში თქვენი წილი შეიძლება, 60-80% იყოს. იმ 40 დასახელების მედიკამენტიდან, რომელსაც აწარმოებთ თქვენი წილი ფარმაცევტულ ბაზარზე რამდენია?
ამ კითხვას შემთხვევით არ ვსვამ. მსურს გავიგო რომელიმე დასახელების პრეპარატზე ფლობთ თუ არა მონოპოლისტურ მდგომარეობას. თქვენ კი საუბრობთ ზოგადად და მანიპულირებთ ციფრებით. გასაგებია, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე 6-7%-ია თქვენი კომპანიის წილი, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რომელიმე კონკრეტული პრეპარატის წარმოებაში, ან დისტრიბუციაში მონოპოლისტური მდგომარეობა არ გიკავიათ. უბრალოდ ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე თქვენ პასუხი არ გაქვთ და რასაც ამბობთ ეს უკვე მანიპულაციური პასუხია. მე არ ვამბობ, რომ ბაზარი მედიკამენტის გარეშე უნდა დარჩეს, ვცდილობ დავადგინო სად, რომელი პრეპარატის მიხედვით შეიძლება გქონდეთ უპირატესი მდგომარეობა.
ზოგადად მონოპოლისტური მდგომარეობა აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ისეთ ფასს დააწესებთ, რომელიც მოსახლეობისთვის მისაღები არ არის, თქვენ კი რატომღაც ამ მიმართულებით მიგყავთ საუბარი და ეს ჩემთვის ცოტა არ იყოს უცნაურია.
სახელმწიფოს მიდგომა, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე [და 7 ათასი დასახელების მედიკამენტია ასეთი] გარკვეული რეგულაციების შემოღება კარგია და შეიძლება ვიფიქროთ ამ მიმართულების გავრცელებასა და გაფართოებაზე,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
0
0
1 აპრილს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
30/03/2026