
ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფათაჰ ას-სისიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ ეგვიპტე ღაზას სექტორიდან პალესტინელ ლტოლვილებს არ მიიღებს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
როგორც ას სისიმ გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლტოლვილებთან ერთად ქვეყანაში რადიკალი ისლამისტებიც შეიძლება მოხვდნენ. ეგვიპტის პრეზიდენტის აზრით, პალესტინელი ლტოლვილები ისრაელის სამხრეთ ნაწილში ნეგევის უდაბნოში უნდა გადასახლდნენ.
ას-სისიმ განაცხადა, რომ თუ ეგვიპტე ღაზას სექტორიდან ლტოლვილებს მიიღებს, მილიონობით ეგვიპტელი საპროტესტო აქციებს გამართავს, ხოლო სინაის ნახევარკუნძული შეიძლება ისრაელზე თავდასხმების ახალი ბაზა გახდეს.
„ეგვიპტე კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამხედრო გზით ამ საკითხის გადაწყვეტას და ასევე სხვა ქვეყნების ხარჯზე პალესტინელთა გადასახლებას მათი მიწიდან“, - განაცხადა ას სისიმ.
ოლაფ შოლცმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ღაზას სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნოს. ის ასევე ამბობს, რომ პალესტინელები მხოლოდ „ჰამასი“ არ არის და ამ ორგანიზაციას ყველა პალესტინელის სახელით ლაპარაკის უფლება არ აქვს.
0
0