14/06/2023
00:23
მსოფლიო
ეგვიპტის ხელისუფლება უარს ამბობს ჰურგადაში ზვიგენის მიერ შეჭმული 23 წლის რუსი ვლადიმერ პოპოვის ცხედრის ახლობლებისთვის გადაცემაზე, იუწყება Turprom.
გამოცემის ცნობით, სასამართლო ექსპერტებმა გარდაცვლილის იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ შეძლეს, რადგან მისი ცხედარი სასტიკად იყო დასახიჩრებული.
ამასთან დაკავშირებით, ექსპერტიზის დასრულებამდე ნეშტს ოჯახს არ გადასცემენ და ამას შეიძლება კვირები დასჭირდეს.
ცნობილია, რომ ვლადიმირის მამას, რომელიც მასთან ერთად ისვენებდა წითელ ზღვაზე, სურს, შვილის ცხედარი რაც შეიძლება მალე დაიბრუნოს, რათა კრემაცია ჩაუტაროს და რუსეთში დაკრძალოს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, წითელ ზღვაში, ეგვიპტის ქალაქ ჰურგადას პლაჟიდან დაახლოებით 35 მეტრში, ზვიგენი ახალგაზრდა მამაკაცს დაესხა თავს. დასახმარებლად მისულ მაშველებს ახალგაზრდა მამაკაცი უკვე დაგლეჯილი დახვდათ.
ტრაგიკული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ეგვიპტის გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა თავდამსხმელი ზვიგენი დაიჭირეს და ლაბორატორიაში გადაიყვანეს, სადაც სპეციალისტები შეეცდებიან მისი არატიპური ქცევის - ადამიანზე თავდასხმის და შეჭმის - მიზეზების დადგენას. ხელისუფლების გადაწყვეტილებით,75 კმ სიგრძის სანაპირო ზოლი დახურულ ზონად გამოცხადდა.
0
0