
„ეგვიპტემ, შეერთებულ შტატებთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, ღაზას სექტორის საზღვრის გავლით, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის გეგმები განიხილა, მაგრამ ის უარს აცხადებს ანკლავიდან გაქცეული ლტოლვილებისთვის უსაფრთხო დერეფნების მოწყობაზე,“ - განაცხადეს ეგვიპტის უსაფრთხოების წყაროებმა.
როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მთავრობის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, აშშ ისრაელთან და ეგვიპტესთან კონსულტაციებს აწარმოებს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ღაზადან უსაფრთხო გადასასვლელის შექმნის შესახებ. ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ ეს კონსულტაციები მიმდინარეობს.
ეგვიპტის უსაფრთხოების ერთ-ერთმა წყარომ ანონიმურობის პრინციპის დაცვით, განაცხადა, რომ ეგვიპტე არ მიიღებს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო დერეფნების შექმნის იდეას, რომელიც ითვალისწინებს „პალესტინელების უფლების დაცვას, შეინარჩუნონ თავიანთი ტერიტორია“.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ღაზაში სასიცოცხლო მნიშვნელობის მარაგი, მათ შორის საწვავი, საკვები და წყალი, უნდა გაიგზავნოს.
”სწრაფი და შეუფერხებელი ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფა აუციელბელია”, - განუცხადა გუტერეშმა ჟურნალისტებს და მადლობა გადაუხადა ეგვიპტეს ”კონსტრუქციული ჩართულობისთვის, რათა ხელი შეუწყოს რაფაჰის სასაზღვრო გამშვები-პუნქტზე ჰუმანიტარული დახმარების წვდომას და კრიტიკულ მომენტში ელ არიშის აეროპორტის მომსახურებას“.
„ეგვიპტე ღაზაში სიტუაციის განმუხტვის მიზნით ძალისხმევას აძლიერებს,“ - განუცხადა ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს ანტონიო ტაიანს კაიროში შეხვედრისას.
ისრაელის ელჩმა ეგვიპტეში, ამირა ორონმა სოციალურ მედიაში განაცხადა, რომ ისრაელს „არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღია სინაის ნახევარკუნძულთან დაკავშირებით და პალესტინელებს იქ გადაადგილებისგან თავშეკავებას სთხოვს... სინაი ეგვიპტის ტერიტორიაა“.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამეჰ შუკრიმ ასევე განაცხადა: „მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების, საკვებისა და მედიკამენტების მიწოდების მიზნით, ეგვიპტეს რაფაჰის სასაზღვრო გამშვები-პუნქტის გახსნა სურდა, მაგრამ არასტაბილურობა და კონფლიქტის ესკალაცია უფრო მეტ პრობლემას იწვევს - ეს ნიშნავს მეტ ლტოლვილს უსაფრთხო ზონებში, მათ შორის ევროპაში.“
0
0