
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული მიდგომა, თითქოს ცნობილ ადამიანს კანონის დარღვევა უნდა ეპატიოს, მიუღებელია.
როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლო დამნაშავის დაკავებას უკბილოდ აპროტესტებენ, ალბათ უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, ადგილზე სროლა ატეხილიყო და უკეთეს შემთხვევაში, ვინმე დაჭრილიყო, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ გაცილებით მეტი საწიოკო და საპროპაგანდო მასალა ექნებოდათ.
„საქართველოში ზოგიერთისთვის შეიქმნა სტერეოტიპი, თითქოს, თუ მეტ-ნაკლებად ცნობილმა ადამიანმა ადამიანის მოკვლა განიზრახა და ამისთვის წინასწარი მოსამზადებელი მოქმედებები განახორციელა, ეს ყველაფერი მას უნდა ეპატიოს. უფრო მეტიც, მათი აზრით, ასეთ სუბიექტს პოლიციამ საპატიო ესკორტით სახლამდე უნდა მიაცილოს, ხოლო შესაძლო დაზარალებულმა მას ბოდიშიც კი უნდა მოუხადოს.
სწორედ ასეთი დამოკიდებულება იკვეთება თამაზ ელიზბარაშვილის შემთხვევაშიც.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ რესტორანში მომხდარი შელაპარაკებისა და მუქარის შემდეგ, გარკვეული დროის გასვლისთანავე, ელიზბარაშვილი რესტორანთან ბრუნდება. ის მანქანიდან გადმოდის და ხელი უბის არეში აქვს, სადაც, სავარაუდოდ, იარაღი უნდა ჰქონოდა.
დასკვნა მარტივია: იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლო დამნაშავის დაკავებას უკბილოდ აპროტესტებენ, ალბათ უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, ადგილზე სროლა ატეხილიყო და, უკეთეს შემთხვევაში, ვინმე დაჭრილიყო, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ გაცილებით მეტი საწიოკო და საპროპაგანდო მასალა ექნებოდათ.
ძალიან კარგი და მისასალმებელია, რომ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც დასრულდა — მშვიდობიანად და მსხვერპლის გარეშე.
თუმცა, აქვე ხაზგასმით უნდა ითქვას: კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი, მიუხედავად იმისა, რამდენად ცნობილი ან გავლენიანია კონკრეტული ადამიანი. კანონი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს.“ - წერს გვენეტაძე.
0
1