
ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი გამოეხმაურა ლატვიის სეიმის მიერ მიღებულ კანონს „სტამბოლის კონვენციიდან“ გასვლის შესახებ.
რიკნევიჩის თქმით, კანონს ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად შეაფასებს.
„ლატვიის რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტი ყურადღებით შეაფასებს სეიმის მიერ მიღებულ კანონს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასთან ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციიდან გასვლის შესახებ“. შეაფასებს სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი და არა იდეოლოგიური ან პოლიტიკური მოსაზრებების გათვალისწინებით“, – წერს რინკევიჩი სოციალურ ქსელში.
ლატვიის პრეზიდენტმა კანონპროექტს ხელი ათი დღის ვადაში უნდა მოაწეროს ან ხელახლა განსახილველად სეიმს დაუბრუნოს. პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაციებმა ედგარს რინკევიჩს ღია წერილი გაუგზავნეს, რომელშიც მოითხოვეს პარლამენტისთვის კანონპროექტის ხელახალი განხილვისთვის დაბრუნება.
ცნობისთვის, ლატვიის სეიმმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასთან ბრძოლის შესახებ „სტამბოლის კონვენციიდან“ გასვლას ითვალისწინებს.
ინიციატივა ლატვიის მემარჯვენე კონსერვატიული პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ დეპუტატების მიერ არის წარდგენილი. მათი მტკიცებით, კონვენცია ქვეყნის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. კონვენციიდან გასვლის წინააღმდეგ სეიმთან საპროტესტო აქციაც გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, კონვენციიდან გასვლა იქნება ნაბიჯი აგრესორ სახელმწიფოებთან დაახლოებისკენ.
0
0
 
             
             
             
             
             
            