
„ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა“ (ECR) ჯგუფმა საქართველოს პროევროპელი ადამიანები და საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აზრის თავისუფლების დაცვისთვის 2023 წლის სახაროვის პრემიაზე წარადგინა.
„ბოლო წლებში საქართველოს ხალხი არაერთხელ დადგა თავისი ქვეყნის დასაცავად, სასტიკად იბრძოდა საკუთარი უფლებებისა და მისწრაფებებისთვის, დადებითად იმოქმედა მთავრობის გადაწყვეტილებებზე და საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის გამძლეობას.
მთელი ამ ბრძოლის მანძილზე ურყევი შთაგონების შუქურად ერთი ადამიანი გამოირჩევა: ნინო ლომჯარია. საქართველოს სახალხო დამცველად ყოფნისას იგი წარმატებით იცავდა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან დევნილთა, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებს და აძლიერებდა ადამიანის უფლებების დაცვას, განსაკუთრებით ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა, მას ჰქონდა გამბედაობა, მხარი დაეჭირა მათთვის, ვინც სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაციას განიცდიდა, მაგალითად, როგორც დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში. ნინო ლომჯარია და მისი გუნდი ასევე დაეხმარნენ პლურალიზმისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას საქართველოში. მათმა წარუშლელმა სიმამაცემ, ისევე როგორც მათმა თავმდაბლობამ და პროფესიონალიზმმა, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, ხელი შეუწყო დემოკრატიის განმტკიცებას საქართველოში“ - ნათქვამია ჯგუფის საიტზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯგუფის შეხვედრაზე კენჭისყრის შემდეგ საუბრისას, ECR-ის ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, რომელიც აფინანსებდა ამ ნომინაციას, განაცხადა:
„მე კარგად ვიცნობ ქართველ ხალხს და მტკიცედ მჯერა, რომ ისინი იმსახურებენ ჩვენს პატივისცემას და უმაღლეს აღიარებას. ჩვენი ნომინაცია აჩვენებს, რომ მთელი ECR ჯგუფი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს თავისუფლებისა და დასავლეთთან ერთიანობის სურვილს. ჩვენ პატივს მივაგებთ ქართველი ხალხის მიღწევებს და მათ მიერ არჩეულ მიმართულებას, ზოგჯერ უზარმაზარი დაბრკოლებების გადალახვას. მიხარია, რომ არიან ნინო ლომჯარიას მსგავსი ადამიანები, რომლებმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს თავიანთი ქვეყნის დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში“.
ცნობისთვის, ანდრია სახაროვის სახელობის პრემია დაარსდა 1988 წელს ევროპის პარლამენტის მიერ. ჯილდო გაიცემა ყოველწლიურად შემდეგ სფეროებში:
- ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვა.
- დემოკრატიის განვითარება და კანონის უზენაესობის დაცვა.
- საერთაშორისო სამართლის პატივისცემა.
- უმცირესობის უფლებების დაცვა.
0
0