აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ყოფილ თანამშრომელ სებასტიან გორკასთან რადიო-ინტერვიუში ებრაული წარმოშობის ამერიკელები დემოკრატებისთვის ხმის მიცემისა და ისრაელისა და „თავიანთი რელიგიის“ სიძულვილის გამო გააკრიტიკა.
"ჩემი აზრით, ნებისმიერ ებრაელს, რომელიც ხმას აძლევს დემოკრატებს, სძულს თავისი რელიგიაც და ისრაელიც. მათ უნდა სცხვენოდეთ საკუთარი თავის, რადგან ისრაელი განადგურდება", - აღნიშნა ტრამპმა. როგორც ცნობილია, ტრამპმა ნეთანიაჰუც გააკრიტიკა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს მოწყობილი ტერაქტისათვის არასათანადოდ მომზადების გამო.
დონალდ ტრამპის კომენტარების შემდეგ, თეთრმა სახლმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დაგმო ყოფილი პრეზიდენტის „ბოროტი და ანტისემიტური რიტორიკა“.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა თავისი უფლებამოსილება გამოიყენა, როცა საქმე ბოროტ და უცენზურო ანტისემიტურ რიტორიკას შეეხო. მთელ მსოფლიოში გაიზარდა ანტისემიტური მოტივით ჩადენილი დანაშაულების რიცხვი - მათ შორისაა, ჰოლოკოსტის შემდეგ, ებრაელ ხალხზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული ყველაზე სისხლიანი თავდასხმა. ქვეყნის ლიდერები ვალდებულნი არიან, რომ ამერიკელები ამ სიძულვილის წინააღმდეგ გააერთიანონ,“ - განუცხადა Mediaite-ს თეთრი სახლის პრესპიკერმა ენდრიუ ბეითსმა.
2021 წელს Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყოველი ათი ებრაელი ამომრჩევლიდან შვიდი დემოკრატების მხარდამჭერია.
0
0