12/02/2024
17:57
სამართალი
ე.წ. თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობისა და თევზჭერის ელექტროიარაღის უკანონო ბრუნვაზე კანონის გამკაცრება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა.
ცვლილებების მიხედვით, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის კი გათვალისწინებულია ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.
ცვლილებებით, თევზჭერის ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. განმეორებით ქმედებაზე განსაზღვრულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 6000-ლარიანი ჯარიმითა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.
0
0