
თბილისის საქალაქო სასამართლოში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულთა საქმის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს - სამ ბრალდებულს შორის ერთ-ერთი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ანზორ შარმაიძეა, რომელიც წლების წინ "სი-აი-ეის" აგენტის, ფრედი ვუდროფის მკვლელობის ბრალდებით იყო გასამართლებული.
ამჯერად შარმაიძეს თბილისში, ქურდული გარჩევის ორგანიზებასა და მუქარის გზით, დიდი ოდენობით ფულის გამოძალვას ედავებიან.
ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის მყოფები არიან უდანაშაულოები და სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე ისინი აპირებენ, რომ დღეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ეჭვქვეშ დააყენონ.
სწორედ ამას დაეყრდნობა დღევანდელი სასამართლო პროცესი.
ადვოკატები ითხოვენ, სასამართლომ პატიმრობის ნაცვლად ისინი გირაოთი გაათავისუფლოს, ვინაიდან ადვოკატების თქმით, არც მტკიცებულებების განადგურების და არც მოწმეებზე ზეწოლის საშიშროება არ არსებობს.
“ანზორ შარმაიძე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მას არ ჩაუდენია აღნიშნული ქმედება. მას არანაირი კავშირი არა აქვს ქურდულ სამყაროსთან, მითუმეტეს ქურდული გარჩევის ორგანიზებასთან და ა.შ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეესაბამება სინამდვილეს.
სასამართლო დარწმუნდება, რომ ანზორ შარმაიძე არის უდანაშაულო და მას არანაირად არ აქვს შემხებლობა ქურდულ სამყაროსთან,“ - აცხადებს ადვოკატი თორნიკე ცინარიძე.
0
0