
ძლიერმა ქარმა სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, პრობლემები შექმნა აბაშაშიც.
როგორც ჩვენი კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელ სახლებზე გადახდილია სახურავები და დაზიანებულია ელ. სადენები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექრო ენერგია არ მიეწოდება.
მუნიციპალური სამსახურების მიერ მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა მოგლეჯილი ხეებისაგან ჩახერგილი გზები.
როგორც აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, შექმნილ ვითარებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ეცნობა.
ამასთან, მათივე ცნობით, მერიის მობილური ჯგუფები აგრძელებენ მონიტორინგს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
ასევე, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, 24 საათიან რეჟიმში ჩართულები არიან ა(ა)იპ „კეთილმოწყობის“, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“, სამაშველო და მერიის სამსახურების თანამშრომლები.
ჯერჯერობით უცნობია, რა ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტს.
უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის.
0
0