
ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ კონგრესში გამართულ მოსმენაზე იმყოფებოდა შალვა ნათელაშვილი, რომელიც „ჯაშუშის რანგში ემსახურება ქვეყანას“.
„რაც შეეხება სანქციებს, მე ძალიან გავურბივარ ამ საკითხზე საუბარს, იმიტომ, რომ პოლიტიკისგან აბსოლუტურად დისტანცირებული ვარ. ჩვენი ჯგუფი დასაქმებით არის დაკავებული, 2000-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული, ასევე ვახორციელებთ ინვესტიციებს, ძალიან გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ძალიან ბევრ ქველმოქმედებას ვეწევით და გავაგრძელებთ ამას. დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი დამშვიდდება. ცოტა ტურბულენტურ ზონაში მოექცა საქართველო და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება.
რაც შეეხება სანქციებს, კონგრესში განვითარებულ მოვლენებს, მე არ ვყვები ხოლმე ისტორიებს, მაგრამ ერთ ადამიანს მოვკარი თვალი კონგრესში - შალვა ნათელაშვილს. საერთაშორისო ტენდერი ან გამოკითხვა რომ გამოვაცხადოთ პოლიტიკურ თაღლითზე ან პოლიტიკურად კორუმპირებულ ადამიანზე, ან ისეთ პიროვნებაზე, როგორიც ბატონი შალვაა, მგონი პირველ ადგილს აიღებს მსოფლიო მასშტაბით. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები, რომლებიც ჯაშუშის რანგში ემსახურებიან ქვეყანას და მოღალატეობრივი ფორმით ექცევიან თავის სამშობლოს, ძალიან მძიმე საყურებელია. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანებზე დაყრდნობით რომელიმე ასეთი მაღალი რანგის სტრუქტურა იღებს რაიმე სახის გადაწყვეტილებას. მე მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - აღნიშნა ვანო ჩხარტიშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები ოფიციალურად გამოაცხადა. სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება სასანქციო სიაში მოხვედრილი პირების ოჯახის წევრებს.
0
0