14/04/2023
16:53
პოლიტიკა
ძალიან სერიოზული, მძიმე ბრალდებებია რეპუტაციის მქონე მედიისგან და ამის იგნორირება უპასუხისგებლობაა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ ფილმთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, იმ სივრცეში, სადაც ეს ხდება, არის კანონის უზენაესობა, სამართლებრივი ინსტიტუტები და სასამართლო არის დამოუკიდებელი.
„ვინც თვლის, რომ ცილი დასწამეს, ამის შემოწმების შესაძლებლობა აქვს სასამართლოში ცილისწამების სარჩელით. თუმცა პოლიტიკური, რეპუტაციული ზიანი უკვე დიდია ყველა შემთხვევაში. ჩვენ უკვე კარგა ხანია კონფლიქტი გვაქვს, ოღონდ არა იმის გამო, ვინ იყო ან არ იყო დონორი, არამედ იმის გამო, რომ პოლიტიკაში ჩვენი აზრით, ნებისმიერი დონორი არ შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ ვითარებაში, როცა შეუძლია, უკარნახოს პოლიტიკური დღის წესრიგი პოლიტიკურ ძალებს. ეს ძალიან სახიფათოა და ამ მეთოდით ვერც ივანიშვილის რეჟიმს ვერ დაამარცხებ, პირიქით გააძლიერებ და თან ეს სახიფათოა მომავლისთვის. საბოლოოდ, ეგ არის ის, რასაც დღეს ვხედავთ ოღონდ უკიდურეს ხარისხში აყვანილს ივანიშვილის მხრიდან“, – განაცხადა ბოკერიამ.
ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, რომლის თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილი სახელდება, ფილმი გუშინ გამოაქვეყნა. თითქმის ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმში თაღლითური სქემა დეტალურად არის განხილული. ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, ფილმში მოხვდა ერთ-ერთი სპეცოპერაციის კადრებიც, რომელიც ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით, თბილისში, ე.წ. პიქსელის შენობაში ჩატარდა.
მანამდე „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების მასალები, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული. სტატია სათაურით „ბიზნესმენების ძებნაში, რომლებიც მილიარდდოლარიანი თაღლითობის უკან დგანან“ გუშინ გამოქვეყნდა.
„ბიბისის“ ცნობით, კიბერთაღლითების გლობალურმა ქსელმა ინვესტორები გაძარცვა. ზარალი მილიარდ დოლარს აღწევს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი, მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. „ბიბისის“ ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა „სოლო ქეფითალსი“. როგორც „ბიბისი“ წერს, თაღლითების საერთაშორისო ქსელის გაშიფვრაზე ჟურნალისტები ერთი წელი მუშაობდნენ. მათივე ინფორმაციით, ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია „მილტონის ჯგუფის“ სახელწოდებით.
0
0