11/01/2025
19:01
სპორტი
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელია სულ მალე იტალიურ კლუბს დატოვებს.
„ვერონასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კონტემ თქვა, რომ ძალიან იმედგაცრუებულია, რადგან 6 თვის განმავლობაში ცდილობდა კვარაცხელია დარჩენაში დაერწმუნებინა, მაგრამ ჯაჭვებით ვერ დააბამს იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც წასვლა სურთ.
„უსიამოვნო შეკითხვებს თავს არასდროს ვარიდებდი, როდესაც ვლაპარაკობ, სიმართლეს ვამბობ, რადგან ტყუილის თქმა არ მიყვარს. ვსაუბრობთ მნიშვნელოვან ფეხბურთელზე.
ზაფხულში პრეზიდენტს ვთხოვე რამდენიმე ფეხბურთელის შენარჩუნება და მათ შორის კვარაცხელიაც იყო. გასულ ზაფხულს მან მოითხოვა გაყიდვა და ერთადერთი არ იყო, ვისაც ეს სურდა. 6 თვის წინ მომიწია ბევრი ფეხბურთელის დარწმუნება, რომ არ წასულიყვნენ, კმაყოფილი ვარ, რომ ზოგიერთის დარწმუნება მოვახერხე. თუმცა, კვარამ კლუბს თავად სთხოვა გაყიდვა, პირადად ვესაუბრე, დამიდასტურა, რომ მიდის, ძალიან იმედგაცრუებული ვარ.
6 თვე ბევრი ვიმუშავე და დავამტკიცე, რომ გარკვეული საქმის გაკეთება შეიძლებოდა, მას არ სურდა კონტრაქტის განახლება, იმედგაცრუებული ვარ, ალბათ, ვერც მე მოვახერხე ორივე მხარე დამერწმუნებინა, რომ თანამშრომლობა გაეგრძელებინათ. დღეს ისეთ ეტაპზე ვარ, რომ ნაბიჯი უკან უნდა გადავდგა, არ შემიძლია ჯაჭვით დავაბა ის, ვისაც დღეს დარჩენა არ სურს. 6 თვე ვცდილობდი მის დარწმუნებას, „ვერონასთან“ მატჩში არ ითამაშებს, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვან ფეხბურთელს ვკარგავთ.
იანვარი მწვრთნელებისთვის საშინელი თვეა, რადგან ბევრ ფეხბურთელს ხელში ჩემოდნები უჭირავთ. ყურადღება არ უნდა გაგვეფანტოს, გუნდი დატოვეს კაპრილემ და ფოლორუნშოც, რომლებმაც მეტი სათამაშო დროის გამო წასვლა ითხოვეს. მოუთმენლად ველოდები იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვას.
კვარას შემცვლელზე კლუბთან არ მილაპარაკია, რადგან ახლა „ვერონასთან“ მატჩზე ვართ კონცენტრირებული. კვარა ამჟამად ჯერ კიდევ „ნაპოლის“ ფეხბურთელია, ვნახოთ, რა მოდება 31 იანვარს. უახლოეს დღეებში სიტუაციას შევაფასებთ, ბურთი კლუბის და ფეხბურთელის გარემოცვის მოედანზეა“, - განაცხადა კონტემ.
0
0