22/01/2025
15:15
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მსახიობის, ანა ტყებუჩავას პროცესი მიმდინარეობს. მას 2025 წლის 9 იანვარს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებიან.
როგორც ანა ტყებუჩავამ სხდომაზე ისაუბრა, მას რუსთაველის გამზირზე გზა არ გადაუკეტავს, შესაბამისად, არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. შსს-ს წარმომადგენლის თქმით კი, არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, როგორც ვიდეო ისე წერილობითი მტკიცებულებების სახით, რითაც დგინდება, რომ მსახიობმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა. მისი თქმით, ანა ტყებუჩავამ პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს, რუსთაველის გამზირზე ხელოვნურად გადაკეტა გზა, რისი აუცილებლობაც არ იდგა, რადგან მონაწილეთა რაოდენობა არ იყო იმდენი, რომ გზის გადაკეტვა ყოფილიყო საჭირო.
ადვოკატის თქმით კი, სამართალდარღვევათა ოქმში მითითებული არ არის ანა ტყებუჩავას მხრიდან გზის გადაკეტვის შესახებ, ასევე, შსს-ს საქმეში წარმოდგენილი არ აქვს არცერთი მტკიცებულება ტყებუჩავას მხრიდან სამართალდარღვევის შესახებ.
ადვოკატის მტკიცებით, ანა ტყებუჩავას არ ჩაუდენია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, შესაბამისად, მან სასამართლო სხდომაზე ტყებუჩავას მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
სხდომაზე ისაუბრა მსახიობმა ანა ტყებუჩავამაც. მისი განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო პირია, ყოველთვის ცდილობს იყოს კარგი მაგალითი, მითუმეტეს მოზარდებისთვის და ყოველთვის იცავს კანონს.
„მართლა ფილმში მგონია თავი, რადგან უჩვეულო ამპლუაში ვარ. აქციაზე დგომა მნიშვნელოვანი მგონია, რადგანაც ვიცავთ ქვეყნის მომავალს.
რაც შეეხება ბრალს, რაზეც ვდავობთ, უცნაურია. ძალიან ფრთხილი და კანონმორჩილი ადამიანი ვარ. ყოველთვის ვცდილობ კარგი მაგალითი ვიყო მოზარდებისთვის. საჯაროდ სიგარეტის მოწევასაც კი თავი დავანებე, რადგან ეს არ გახდეს მათთვის მიმბაძველი, არათუ კანონის დარღვევა. რადგან ცნობადი სახე ვარ არ ვთვლი, რომ კანონს თავი უნდა ავარიდო, პირიქით, ამიტომ ვარ აქ და ვთვლი, რომ კანონი უნდა იყოს თანასწორი ყველასთვის.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არავინ მინდა ჩათვალოს, რადგან მე მსახიობი ვარ, ძალიან თამამი, ამბიციური ვარ, არ მაინტერესებს და უგულებელვყოფ კანონებს, ეს არ არის ასე. ნული იქნება ჩემი, როგორც მსახიობის ფასი, თუ ჩემთვის სულერთი იქნება ამ ქვეყანაში კანონი ყველასთვის თანაბარია თუ არა. როდესაც ამ პროფესიას ირჩევ, პირველ რიგში, ცოტა მიამიტური მიზეზია - გინდა, რომ შენი ხმა (უსამართლობაზე) კიდევ უფრო ფართოდ მიაწოდო ხალხს. შემდეგ კი ცხოვრება, სამწუხაროდ კიდევ სხვა უსამართლობებს გთავაზობს, რაზეც შენ შემდეგ სცენიდან თუ კამერიდან ესაუბრები მაყურებელს. ამიტომ მე ძალიან არასწორი ვიქნები, თუკი ვისაუბრებ უსამართლობაზე და არ დავიჯერებ, რომ შეიძლება სიმართლემ გაიმარჯვოს. ჩემი, როგორც მსახიობის დანიშნულება, პირველ რიგში, არის ის, რომ სხვას მივცე იმედი და მივუწოდო, რომ მისი არასწორი საქციელის შედეგად, შეიძლება ბევრი ცუდი რამ მოხდეს. ეს არის, როგორც მსახიობის პოზიცია.
ახლო წარსულში ასეთი მაგალითი მქონდა - მე ვთამაშობდი უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდის დედას და როგორ შემიძლია მე სხვას ვაჩვენო ეს ტრაგედია - რა ხდება ასეთ დროს იმ ადამიანის ოჯახში, თუკი მე არ ვიქნები ასეთი ადამიანების გვერდით და არ გავიზიარებ მათ პრობლემებს?
რაც შეეხება გზის გადაკეტვას, მახსოვს, გაცილებით ადრე მივედი რუსთაველზე. არ იყო იმდენი ხალხი, რომ გზა გადაეკეტათ. ვიდექი ტროტუარზე, ვნახე ნაცნობები და ვსაუბრობდით. აღვნიშნე, რომ შეიძლება დღეს გზა არ გადაიკეტოს, რადგან არ ვართ შესაბამისი რაოდენობით-მეთქი. ამის მერე გვერდზე მდებარე კაფეში შევედით, რადგან ციოდა. კაფეში რიგი იყო, დიდი ხანი დავყავით იქ. ჩეკის სახით არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ იქ ყავა შევიძინე. რომ გამოვედი, ხალხი მიმოფანტული იყო კაფეში, ხოლო გარეთ კი გზა გადაკეტილი იყო. გზა რომ გადაიკეტა და მანქანები არ მოძრაობდნენ, მეც იქ დავდექი. სამართალდამცველების მხრიდან არანაირი გაფრთხილება არ იყო იმისა, რომ მე კანონს ვარღვევდი", - განაცხადა ანა ტყებუჩავამ სხდომაზე.
შეგახსენებთ, მსახიობ ანა ტყრბუჩავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. კერძოდ კი იმას, რომ 2025 წლის 9 იანვარს, ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.
0
0