
ქალზე განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობაში ბრალდებული ცნობილი მოკრივე გირაოთი გაათავისუფლეს. უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული გიორგი ყუშიტაშვილის მსხვერპლი კი პირველ ინტერვიუს “პირველებს” აძლევს.
სასწაულით გადარჩენილი ქალი დეტალურად ყვება, როგორ უსწორდებოდა მას ცნობილი სპორტსმენი. მოკრივემ მას თავი ჯერ მანქანაში არტყმევინა, შემდეგ გადმოათრია და სასტიკი ცემა ქუჩაში განაგრძო.
"თმაში მომიკიდა ხელი, გადმომათრია, სკამზე მარტყმევინა თავი, ხელში რადგან მეჭირა ტელეფონი, არ ვიცი რანაირად, მაგრამ წამიერად ჩავრთე ვიდეო, ვიდეოსთან ერთად ჩაირთო ფლეში, ამაზე ჰქონდა უარესი რეაქცია. სკამზე მთლიანად გადმომაჯდა, მირტყამდა, თან მეჭიდავებოდა, თან ტელეფონის წართმევას ცდილობდა. ძალიან შემეშინდა, ძალიან ძლიერია, დიდი ფიზიკური ტკივილი ვიგრძენი
მანქანიდან როგორც კი გადავიდა, დავრეკე 112-ზე, თავიდან ეგონა ტაქსს ვურეკავდი და არ ჰქონდა რეაქცია, შემდეგ როგორც კი გაიგო ვის ველაპარაკებოდი, მოვიდა და საჯდომით და იდაყვებით მათრია ხრეშიან გზაზე. ბოლო ხმაზე ვკიოდი, არავის არ ქჰონდა რეაგირება ერთი კაცის გარდა და იმასაც გიორგიმ დაუყვირა, ისიც შეტრიალდა და წავიდა”.- ამბობს ქალი.
მას შემდეგ, რაც ცნობილმა მოკრივემ ქალზე იძალადა, ის შსს-ს წარმომადგენლებმა დააკავეს, თუმცა რის საფუძველზე გაათავისუფლა გიორგი ყუშიტაშვილი სასამართლომ, ეს კითხვა თემიდას მსახურებთან პროკურატურასაც აქვს. შოთაძის უწყებაში ამბობენ, რომ სახელმწიფო ბრალდება პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ გირაოს გადაწყვეტილება მიიღო.
მსხვერპლი ამბობს, რომ რაც გაიგო, რომ ყუშიტაშვილი გაათავისუფლეს, ძალიან ეშინია, რადგან თავს ძალიან დაუცველად გრძნობს.
"რაც გავიგე რომ გამოუშვეს, მეშინია, არ შემიძლია მარტო დარჩენა. საშინლად დაუცველად ვგრძნობ თავს”. – ამბობს მსხვერპლი ქალი.
ყუშიტაშვილი წლების განმავლობაში რუსეთში ასპარეზობდა. ქვეყანა პოლიციელზე თავდასხმის შემდეგ დატოვა და სპორტული კარიერა საქართველოში გააგრძელა. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ კი ძალადობაში ბრალდებულმა მოკრივემ საპატიმროც დატოვა.
0
0