
პირველკლასელის სავარაუდო ბულინგის საქმეზე, ბათუმის კერძო სკოლის დამფუძნებელი პოლიციაში გამოკითხეს. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს. გამოცემასთნ ინტერვიუში, ზაურ სოლომონიძემ კლასელების მხრიდან ბავშვზე შესაძლო ძალადობა კიდევ ერთხელ გამორიცხა.
მისი თქმით, რვა წლის სკოლის მოსწავლე გახანგრძლივებულში დადიოდა და კლასელებთან შედარებით ასაკითაც და ფიზიკურადაც ყველაზე დიდი იყო.
სკოლის დამფუძნებელმა ბიჭის მშობლები ცილისწამებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ პირველკლასელი მოსწავლის მშობლის მოქმედება სკოლის პედაგოგთან კონფლიქტით იყო გამოწვეული.
"ფაქტი სკოლამ გამოიკვლია და მშობლებს ყველაფერი შესთავაზა. ფაქტი კი ასეთი იყო: პირველკლასელები, 6 წლის ბავშვები თამაშობდნენ და არავითარი ბულინგი არ ყოფილა". - განაცხადა სოლომონიძემ გამოცემათან.
სულაბერიძის თანახმად, მშობელს ფსიქოლოგის დახმარება შესთავაზეს, რამაც დედის გაღიზიანება გამოიწვია. "პოლიციისთვის ფოტოები მიუციათ, სადაც ბავშვს სხეულზე ჩალურჯებები აქვს, მაგრამ როდინდელი ფოტოა ვინ იცის?".
მისივე ინფორმაციით, პოლიციამ უკვე გამოკითხა თხუთმეტი ბავშვის მშობელი და სკოლის მასწავლებლები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მშობლების საჩივრის საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
ბულინგის მძიმე შემთხვევა ბათუმში - ერთ-ერთი კერძო სკოლის პირველკლასელის მშობელი აცხადებს, რომ მის შვილი თანაკლასელებმა საკლასო ოთახში გააშიშვლეს და წიხლებით სცემეს.
მშობლის განმარტებით, შემთხვევას შეესწრო პედაგოგიც, რომელმაც მომხდარი არ შეიმჩნია და საგაკვეთილო პროცესი გააგრძელა. როგორც ირკვევა, ეს არაა მოზარდის მიმართ თანატოლების ბულინგის პირველი შემთხვევა. მას პერიოდულად სცემდნენ, პირში ტენიდნენ მტვრის ტილოს და დასცინოდნენ, რაზეც რეაგირება სკოლის ადმინისტრაციას არ ჰქონდა და მშობლებს ურჩევდნენ, მომხდარისგან ტრაგედია არ შეექმნათ.
ბავშვის დედამ ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა.
0
0