-share.jpg)
"ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე განხორციელებულ თავდასხმას უმრავლესობის წარმომადგენლები ეხმაურებიან. ისინი ამბობენ, რომ ძალადობა არის მიუღებელი და გამოძიების შედეგებს ელოდებიან.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ძალადობას გმობენ და აცხადებენ, რომ გამოძიება მუშაობის იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგი დაიდოს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, გურამ მაჭარაშვილი ძალადობას გმობს. ის აქვე აცხადებს, რომ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ადამიანებმა ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ.
"ძალადობა არც ერთი მხრიდან არ არის, ამ შემთხვევაში, გამართლებული და მე იმედი მაქვს, რომ ამას შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ. როდესაც შენ სიძულვილის ენით საუბრობ და საზოგადოებას, რომელიც იცი, რომ არის საქართველოში უმრავლესობა, იმიტომ, რომ სხვა პოლიტიკას ატარებს ვიდრე გაქვს შენ, არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა, არ უნდა აგინო და არ უნდა მოიხსენიო ისეთი სიტყვებით, რომელიც გამოიწვევს მერე რაიმე ტიპის დაპირისპირებას. არ ვიცი რა და როგორ მოხდა, მაგრამ როდესაც შენ ასეთ აგრესიას მიმართავ, ბუნებრივია, რომ ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი აცხადებს, რომ მომხდარი ფაქტი აუცილებლად უნდა გამოიძიონ შესაბამისმა სტრუქტურებმა და დაისაჯონ ადამიანები.
"რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტი იყო, აუცილებლად უნდა გამოიძიოს შესაბამისმა სტრუქტურებმა და დაისაჯონ ადამიანები. ვისურვებდი, რომ ის ფონი, რომელიც არსებობს დაპირისპირების, რომელიც სისტემატურად არის წახალისებული ოპოზიციის თუ ოპოზიციის მომხრე ჟურნალისტების მხრიდან, იყოს მაქსიმალურად ტემპერატურა დაწეული. მეც პირადად, და ყველა ჩემი კოლეგა ვაცხადებთ, რომ წითელი ხაზია, მოღალატის და რუსეთუმეს ძახილი. ნებისმიერი, რომელიც აღნიშნულს არ გაითვალისწინებს, ჩვენგან მიიღებს შესაბამის სიტყვიერ პასუხს. ჩვენ არ ვსაუბრობთ ძალადობის ენით, ჩვენ ვსაუბრობთ სიტყვებით, ჩვენ ვსაუბრობთ განცხადებებით და მოწოდებებით," - აცხადებს ნინო წილოსანი.
0
0