
ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი, გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში დუდუ დადიანის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
,,ძალიან დიდი უსამართლობაა დუდუ დადიანი ცოცხალი რომ არ არის! ის ჩვენს შორის რომ არ დააბიჯებს ესეც დიდი ტკივილია! საჯიშე ქართველი, რომელიც ქვეყნის, საზოგადოების გამორჩეული სახე იყო! ეს დღეებია დუდუ ხშირად მახსენდება და ძალიან გული მწყდება, რომ მისი ოქროსფერი სახე, ცისფერი თვალები და განუმეორებელი კეთილშობილება ჩვენს შორის არ ანათებს.
ღმერთმა აცხონოს დუდუ დადიანი იქ სადაც არის! მახსოვს ამ ქვეყნიდან რომ წავიდა, მისი ნივთები, ფოტოები, სპორტული სამოსი და ბლოკნოტიც კი შევაგროვე და ზუგდიდის დადიანების სასახლეს გადავეცი, ეს სიძველესაცავი ინახავს ახლა მის ხსოვნას საუკუნოდ", - წერს გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დუდუ (დავით) დადიანი 2002 წლის 22 იანვარს სპორტის დეპარტამენტის კიბეზე მოკლეს. წარსულში ცნობილი კალათბურთელი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, "ვითას" და საქართველოს ნაკრების კაპიტანი, 2002 წელს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო.
დუდუს თავდამსხმელმა ოთხი ტყვია ესროლა, 3 ხელში მოხვდა, 1 - გულში. ამ გახმაურებული და ბურუსით მოცული მკვლელობის გამოძიება ორჯერ დაიწყო, მაგრამ უშედეგოდ…. მკვლელობის შესახებ დღემდე უამრავი ვერსიაა.
0
0