
„ოფიციალური კიევი ელის პარტნიორებისგან შეთანხმებას, რომ გამოიყენონ შორი მანძილის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა ელოდება ნებართვას პარტნიორებისგან, რომლებიც აწვდიან რაკეტებს.
„სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი და სხვა ქვეყნები მოქმედებენ როგორც კოალიცია. ისეთ მნიშვნელოვან მოთამაშეს, როგორიცაა ევროკავშირი, აქვს მნიშვნელოვანი ხმა ამ დისკუსიებში. მოვუწოდებ ევროკავშირს, მკაფიოდ გამოხატოს პოზიცია, ეს არის ის, რაც ახლა უნდა გაკეთდეს“, - აცხადებს კულება.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გეგმავს დარტყმას ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებს.
„ჩვენ ვსაუბრობთ სამხედრო აეროდრომებზე, საიდანაც მოქმედებენ რუსული ბომბდამშენები, სტრატეგიული და ტაქტიკური თვითმფრინავები, თუ ჩვენ გვექნება საკმარისი რაკეტები და მივიღებთ გასროლის ნებართვას, ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირებთ რუსეთის უნარს გაანადგუროს ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა“, - აცხადებს კულება.
0
0