01/08/2023
10:50
მსოფლიო
დროა, უკრაინამ დაიწყოს იმის დაფასება, რასაც პოლონეთი მისთვის აკეთებს - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა საერთაშორისო საკითხებში მარჩინ პშიდაჩმა განაცხადა.
"უკრაინამ საკმაოდ დიდი მხარდაჭერა მიიღო პოლონეთისგან. ამიტომ, ვფიქრობ, რომ დროა მათ დაიწყონ იმის დაფასება, რასაც წლების და თვეების განმავლობაში ჩვენ მათთვის ვაკეთებდით" - განაცხადა მინისტრმა.
15 სექტემბერს იწურება ევროკავშირის აკრძალვის ვადა უკრაინიდან ოთხი სახეობის სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე, მაღალჩინოსნის განცხადებაც სწორედ ამ საკითხს მოჰყვა. მას შემდეგ, რაც რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გავიდა, უკრაინა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს ხმელეთით და სამდინარო ტრანსპორტით ახორციელებს. პროდუქციის ექსპორტის სახმელეთო მარშრუტი კი პოლონეთზე გადის.
როგორც პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, ვარშავა ითხოვს, ევროკავშირთან შეთანხმებით უკრაინული მარცვლეულის ქვეყანაში იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები გახანგრძლივდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლონეთი მზადაა, უკრაინული პროდუქციის იმპორტი ცალმხრივად აკრძალოს. იგივე მოთხოვნა აქვს ბულგარეთს, რუმინეთს, სლოვენიასა და უნგრეთს.
"დღეს, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლონელი ფერმერის ინტერესების დაცვაა. ჩვენ მოსავლის აღების პერიოდი გვაქვს. პოლონური ხორბალი უნდა დაიკრიფოს, შეინახოს და გადანაწილდეს სათანადოდ, ღირსეულ ფასად. რაც შეეხება უკრაინას, მან ნამდვილად უდიდესი მხარდაჭერა მიიღო პოლონეთისგან, ვფიქრობ, მან უნდა დაიწყოს ამის დაფასება" - აღნიშნა პშიდაჩმა.
0
0