07/04/2024
20:26
სპორტი
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირის ბოლო დღეს, თავისუფალ ჭიდაობაში ოთხი ქართველი სპორტსმენი წარდგა, რომელთაგანაც პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მხოლოდ ერთმა, 65 კგ-ში მოასპარეზე გოდერძი ძებისაშვილმა მოიპოვა.
25 წლის ძებისაშვილმა პირველ შეხვედრაში შვეიცარიელი მეტოქე, ნინო ლუტერი დაამარცხა, მეოთხედფინალში უკრაინის წარმომადგენელს, ერიკ არუშანიანს ბოლო წამზე სძლია, ბოლოს კი, ძალიან დაძაბულ დაპირისპირებაში მოლდოველ მაქსიმ საკულტანს მოუგო - ეს შეხვედრა 1:1 დასრულდა, მაგრამ ბოლო ქულა ქართველმა მოჭიდავემ მოიპოვა, შესაბამისად, გამარჯვებაც მას დარჩა. როგორც იცით, ლიცენზიებს ფინალისტები იღებენ, შესაბამისად, ამ გამარჯვების შემდეგ ძებისაშვილმა მიზანს მიაღწია.
ოლიმპიადის ლიცენზიასთან ახლოს იყო ვლადიმერ გამყრელიძეც, რომელიც 86 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და გადამწყვეტ შეხვედრაში რუს სპორტსმენთან, არტურ ნაიფონოვთან დამარცხდა, რომელიც ნეიტრალური ათლეტის რანგში გამოდიოდა. დღეს ასევე ლიცენზიებისთვის იბრძოდნენ რობერტ დიგნაშვილი (57 კგ) და გიორგი ელბაქიძე (74 კგ), თუმცა, პირველმა მეოთხედფინალში წააგო, მეორემ კი მერვედფინალში.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის ლიცენზია ცოტა ხნის წინ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილმაც მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ ორთაბრძოლაში გერმანელ მეტოქეს 2:1 სძლია.
0
0