
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„ჯასტინ ტრუდომ კანადიდან დამირეკა და მკითხა, რა შეიძლება, გაკეთდეს ტარიფებთან დაკავშირებით. მე ვუთხარი, რომ ბევრი ადამიანი დაიღუპა ფენტანილისგან, რომელიც კანადისა და მექსიკის საზღვრებიდან მოხვდა ჩვენთან და ვერაფერმა დამარწმუნა, რომ ეს შეჩერდა. მან თქვა, რომ სიტუაცია გაუმჯობესდა, მაგრამ მე ვუთხარი: „ეს არ არის საკმარისი“. ზარი „საკმაოდ“ მეგობრულად დასრულდა! მან ვერ მითხრა, როდის გაიმართება კანადაში არჩევნები, რის გამოც დავინტერესდი, რა ხდება? შემდეგ კი მივხვდი, რომ ის ცდილობს, გამოიყენოს ეს საკითხი ხელისუფლებაში დასარჩენად. წარმატებები ჯასტინ!”- წერს დონალდ ტრამპი.
ამის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა მეორე განცხადება, სადაც ტრუდო კანადის გუბერნატორად მოიხსენია და აღნიშნა, რომ ეს პრობლემები ტრუდოს სუსტმა სასაზღვრო პოლიტიკამ გამოიწვია.
„ვისაც აინტერესებს, მე ასევე ვუთხარი კანადის გუბერნატორს, ჯასტინ ტრუდოს, რომ ის პრობლემები, რაც გვაქვს, მან და მისმა სუსტმა სასაზღვრო პოლიტიკამ გამოიწვია. მისმა სუსტმა სასაზღვრო პოლიტიკამ საშუალება მისცა უზარმაზარი რაოდენობით ფენტანილსა და არალეგალ მიგრანტებს, შეეღწიათ შეერთებულ შტატებში. ეს პოლიტიკა პასუხისმგებელია მრავალი ადამიანის სიკვდილზე!”,- წერს ტრამპი.
0
0