
უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი მიდგომა რუსეთის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვას ეხება. ამის შესახებ კელოგმა საგარეო ურთიერთობათა საბჭოში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.
„ამ ომთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის მიდგომის უფრო ფართო სტრატეგიაც არსებობს, რაც არის იმის აღიარება, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა აღადგინოს ურთიერთობა რუსეთთან... რუსების იზოლაციის გაგრძელება, სანამ ომი უკრაინაში გრძელდება, აღარ არის სიცოცხლისუნარიანი ან მდგრადი სტრატეგია“, - აცხადებს კელოგი.
კელოგის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის დაუყოვნებელი მცდელობაა, მიიყვანოს ორივე მხარე მაგიდასთან მშვიდობიანი გადაწყვეტილების მისაღწევად.
კელოგმა ასევე თქვა, რომ გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევა უკრაინის აღსადგენად და რუსეთის ენერგეტიკაზე მაქსიმალური ზეწოლა არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ტრამპს შეუძლია გამოიყენოს რუსეთზე ზეწოლისთვის.
0
0