28/07/2023
16:53
მსოფლიო
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ბრალად ედება თანამშრომელზე ზეწოლა ეროვნული უსაფრთხოების საიდუმლო დოკუმენტების განადგურების მოთხოვნით.
ასევე ბრალი წაუყენეს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის კუთვნილ მარ-ა-ლაგოს მამულში მომსახურე პირს, კარლოს დე ოლივეირას. პროკურორების თქმით, სავარაუდოდ, ის დაინტერესდა, თუ რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო საიდუმლო კადრების წასაშლელად.
შესწორებული საბრალდებო დასკვნა ასახავს ნაუტასა და მარ-ა-ლაგოს უძრავი ქონების მენეჯერის კარლოს დე ოლივეირას სავარაუდო ძალისხმევას, ხელი შეუშალონ იუსტიციის დეპარტამენტს საქმის გამოძიებაში. სასამართლოს ახალი განცხადების თანახმად, ნაუტა და დე ოლივეირა სათვალთვალო კამერებით დაფიქსირებული კადრების წაშლაზე ფარულად შეთანხმდნენ მას შემდეგ, რაც იუსტიციის დეპარტამენტმა მოწმის სახით სასამართლოში გამოძახების შესახებ ბრძანება გასცა; უწყება სარდაფში [სადაც კონფიდენციალური დოკუმენტები ინახებოდა] დამონტაჟებული სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრების წარდგენას ითხოვდა.
სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ დე ოლივეირამ სხვა თანამშრომელს - საინფორმაციო ტექნოლოგიების დირექტორს - „ბოსის“ ბრძანებით, სერვერის წაშლა დაავალა. მოგვიანებით დე ოლივეირა თანამშრომელს სასერვერო [IT] ოთახში შეხვდა და უთხრა, რომ მათ შორის საუბარი კონფიდენციალურად უნდა დარჩენილიყო; შემდეგ კი ზეწოლა მოახდინა მამაკაცზე, დამოჩილებულიყო სერვერის წაშლის მოთხოვნას მას შემდეგ, რაც თანამშრომელმა დე ოლივეირას განუმარტა, რომ მას არ გააჩნდა შესაბამისი უფლებამოსილება აღნიშნული დავალების შესასრულებლად.
„რას ვაპირებთ?“, - ჰკითხა დე ოლივეირამ თანამშრომელს. დე ოლივეირას ადვოკატმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
განახლებულ საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ტრამპმა გამიზნულად განიხილა საიდუმლო დოკუმენტი ბიოგრაფებთან, რომლებიც მას მარ-ა-ლაგოში ინტერვიუსთვის ესტუმრნენ. "ნახე, რა ვიპოვე... საოცარია ხომ? მე დოკუმენტების დიდი გროვა მაქვს. შეხედე!", - მიმართა ტრამპმა, სავარაუდოდ, ერთ-ერთ სტუმარს.
საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ დოკუმენტი, რომელიც ტრამპმა ბიოგრაფებს გაუმხილა, მოიცავდა "ქვეყანა A"-ზე შესაძლო თავდასხმის გეგმებს. CNN-მა და სხვა მედიასაშუალებებმა განაცხადეს, რომ "ქვეყანა A"-ში ირანი იგულისხმება.
როგორც ცნობილია, ტრამპი ასევე ბრალდებულია ფლორიდაში მდებარე მარ-ა-ლაგოს მამულში ეროვნული უსაფრთხოების საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვაში. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი 40 ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს; ტრამპმა პროკურორს "ფსიქიკურად გაუწონასწორებელი" უწოდა. ამასთან, მას სურს, რომ კვლავ იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში.
ტრამპის ყოფილი თანაშემწე უოლტ ნაუტა, ასევე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს - მას ორი დამატებითი ბრალდება წარუდგინეს კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლასთან დაკავშირებით.
0
0