28/09/2025
10:59

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში სამხედროების შეყვანისა და საჭიროების შემთხვევაში იმიგრანტთა დაკავების ცენტრების საწინააღმდეგო პროტესტების ჩასახშობად „სრული ძალის“ გამოყენების ბრძანება გასცა.
პრეზიდენტის განცხადებით, ეს დაიცავს აშშ-ის მიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სააგენტოს (ICE) ნებისმიერ ობიექტს „ანტიფასა“ და სხვა შიდა ტერორისტებისგან“.
ეს მორიგი შემთხვევაა, როდესაც ტრამპი ამერიკის სხვადასხვა ქალაქში ფედერალურ ძალებს აგზავნის, პრეზიდენტის კრიტიკოსები კი ამტკიცებენ, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.
„პორტლენდში ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე არ არის. ჩვენი საზოგადოება უსაფრთხოდ და მშვიდადაა“, - განაცხადა ორეგონის გუბერნატორმა ტინა კოტეკმა.
თუმცა, ცნობილია, რომ ICE-ს ობიექტი პორტლენდში დემონსტრანტების სამიზნედ ივნისიდან იქცა, რის გამოც ადგილზე სასტიკი შეტაკებები ფიქსირდება. 8 სექტემბრის მონაცემებით, აშშ-ის პროკურატურამ 26 ადამიანს წარუდგინა ფედერალური ბრალდებები ცეცხლის წაკიდების, პოლიციის ოფიცერზე ძალადობისა და დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევის გამო.
0
0