
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც კიდევ უფრო ფართოვდება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის წვდომა ფედერალური სააგენტოების არაგასაიდუმლოებულ დოკუმენტაციაზე. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
ბრძანების მიხედვით, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს უფლებამოსილება ექნება, მოიპოვოს „სრული და სწრაფი წვდომა“ არა მხოლოდ დოკუმენტაციაზე, არამედ ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებზე.
მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელ განკარგულებაში უშუალოდ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი ნახსენები არ არის, განკარგულება ფედერალური სააგენტოების ხელმძღვანელებს ანიჭებს უფლებამოსილებას, ჰქონდეთ წვდომა ასეთ ჩანაწერებთან „ადმინისტრაციული პრიორიტეტების რეალიზების მიზნით, რომელიც დაკავშირებულია გაფლანგვის, თაღლითობისა და ბოროტად სარგებლობის შემთხვევების გამოვლენასთან“. გარდა ამისა, განკარგულება სააგენტოებს შორის ასეთი ინფორმაციის გაზიარების გამარტივებასაც მოიცავს.
უცხოური მედიის ცნობით, ფედერალური სააგენტოების ხელმძღვანელებს ასევე ევალებათ, გადახედონ გასაიდუმლოებული გრიფის მქონე ინფორმაციის პოლიტიკასაც, წარმოადგინონ თავიანთი რეკომენდაციები თეთრი სახლის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისში იმასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა შეიცვალოს ან მოიხსნას დოკუმენტებზე საიდუმლო გრიფი, რათა აღმასრულებელ განკარგულებაში დადგენილი მიზნების მიღწევა შესაძლებელი გახდეს.
ფედერალური სააგენტოების ხელმძღვანელებს ასევე დაევალათ, უზრუნველყონ ფედერალური მთავრობისთვის დაუბრკოლებელი წვდომა ყოვლისმომცველ ინფორმაციაზე, ყველა იმ პროგრამის შესახებ, რომლებიც ფედერალურ დაფინანსებას იღებენ.
0
0