ნიუ იორკის სასამართლო აშშ-ის ექსპრეზიდენტსა და რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპს განაჩენს 18 სექტემბრის ნაცვლად 26 ნოემბერს გამოუტანს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია NBC ავრცელებს.
საქმე ეხება ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, ტრამპს კომპანია Trump Organization-ის ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას ედავებიან ყოფილი პორნომსახიობის, სტორმი დენიელსისთვის ფულის გადახდასთან დაკავშირებით.
NBC-ის ცნობით, მოსამართლე ხუან მერჩანმა დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის ადვოკატების მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სხდომა გამართულიყო 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
ცნობისთვის, ფინანსური გაყალბების საქმეზე ტრამპი დამნაშავედ მაისის ბოლოს ცნეს, რითაც, ის გახდა აშშ-ის ისტორიაში პირველი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ გამოაცხადა. ხოლო მოსამართლის მხრიდან განაჩენის გამოცხადება, რომლითაც ცნობილი გახდება, თუ რა სახის სასჯელს მიიღებს ტრამპი, 18 სექტემბერს იყო ჩანიშნული.
0
0