აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სამი ჩინოვნიკი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ისრაელში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და სხვა საჯარო პირებს შეხვდა.
„დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ რობერტ ო’ბრაიენი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მეოთხე და უკანასკნელი მრჩეველი იყო, ასევე ყოფილი ელჩი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ჯონ რაკოლტა და ყოფილი ელჩი შვეიცარიაში ედ მაკმულენი. ისრაელში ვიზიტი გასაჯაროებული არ იყო,“ - განუცხადა Reuters-ს ანონიმურმა პირმა.
წყაროს ცნობით, ნეთანიაჰუს გარდა, დელეგაციის წევრები ისრაელის ოპოზიციის ლიდერს იაირ ლაპიდს და ისრაელის რამდენიმე სხვა ოფიციალურ პირსაც შეხვდნენ. როგორც Reuters-ი წერს, გაურკვეველია, კერძოდ, რა განიხილა ტრამპის მოკავშირეების დელეგაციამ ისრაელელებთან.
„ისრაელში ვიზიტის მთავარ მიზნებს შორის იყო ქვეყნის რთული საშინაო პოლიტიკური სიტუაციის უკეთ შესწავლა. ნეთანიაჰუს კოალიცია შიდა უთანხმოებას განიცდის, ბევრი ისრაელელი მთავრობას აკრიტიკებს, რადგან მან 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის თავიდან აცილება ვერ შეძლო. დელეგაციის წევრებს ყოფილი პრეზიდენტის მოთხოვნების შესაბამისად არ უმოქმედიათ და არც რაიმე „მესიჯი“ გაუგზავნიათ ისრაელის ოფიციალური პირებისთვის. თუმცა ყველა მათგანი ტრამპის არაფორმალური მრჩეველია და ყოფილი პრეზიდენტი, სავარაუდოდ, შეხვედრებთან დაკავშირებულ ამბებს გაეცნობა,“ - დასძინა წყარომ.
თეთრმა სახლმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ აღნიშნული შეხვედრის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. ბაიდენის ადმინისტრაციამ, მიუხედავად იმისა, რომ, თავდაპირველად, ისრაელს მხარს მტკიცედ უჭერდა, ბოლო თვეებში ეჭვები გამოთქვა ისრაელის ომის სტრატეგიის ელემენტების მიმართ. ჯო ბაიდენმა ისრაელში ათასობით ბომბის გაგზავნის საკითხი შეაჩერა, ისრაელის გადაწყვეტილების საპასუხოდ, გაეფართოებინა თავდასხმა სამხრეთ ღაზას ქალაქ რაფაჰზე.
0
0