
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ვარაუდობს, რომ რამდენიმე კვირაში შესაძლებელია რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის სრულად შეწყვეტის მიღწევა. ამის შესახებ მან „ბლუმბერგის“ ეთერში ისაუბრა.
უიტკოფის თქმით, ტრამპისა და პუტინის გუშინდელი სატელეფონო საუბრის შედეგად, იმაზე მეტი პროგრესის მიღწევა გახდა შესაძლებელი, ვიდრე ბოლო სამ-ნახევარი წლის განმავლობაში.
„ლიდერები შეთანხმდნენ გარკვეული პირობებით ცეცხლის შეწყვეტის და ცეცხლის სრულად შეწყვეტის გზაზე, რაზეც უახლოეს დღეებში გაიმართება მოლაპარაკებები. ვფიქრობ, რამდენიმე კვირაში ჩვენ მივალთ მაქამდე. ბევრი კარგი სიახლეა. ახლა ტექნიკური ჯგუფებზეა დამოკიდებული, რომ ყველა დეტალი დაასრულონ და ყველა მოწოდებულია ამ პროცესს მხარი დაუჭიროს“, – განაცხადა უიტკოფმა.
ამასთან, მისი განმარტებით, ცეცხლის სრულად შეწყვეტა არის რთული საკითხი, რადგან საუბარია შეხების ხაზის ორი ათას კილომეტრზე. როგორც უიტკოფმა აღიშნა, ბრძოლის ველზე სხვადასხვა სიტუაციაა და განსახილველი ბევრი დეტალია, რაზეც ტექნიკური ჯგუფები იმუშავებენ.
0
0