12/01/2025
11:52
მსოფლიო
სპეციალური პროკურორი, ჯეკ სმიტი, რომელიც აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან გადადგა.
ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ მოსამართლე ეილინ ქენონისთვის გაგზავნილი მოთხოვნის სქოლიოში არის მოცემული. დოკუმენტი ქენონისგან ითხოვს, რომ სმიტის მიერ წარდგენილი საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შეჩერება არ გაახანგრძლივოს.
"სპეციალურმა პროკურორმა დაასრულა თავისი საქმე, საბოლოო ანგარიში 2025 წლის 7 იანვარს წარადგინა და დეპარტამენტს 10 იანვარს ჩამოცილდა". - წერია დოკუმენტში.
სმიტს ან მის სპიკერს საკითხზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
სმიტის საბოლოო ორტომიანი ანგარიში ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა. ქენონმა, რომელიც ტრამპის წინააღმდეგ აღძრული ერთ-ერთი საქმის მოსამართლეა, ანგარიშის გამოქვეყნება, სულ მცირე, 13 იანვრამდე გადადო.
ტრამპისა და მისი თანამოპასუხეების ადვოკატები ანგარიშის ორივე ნაწილის გამოქვეყნებას ეწინააღმდეგებიან და მას არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ "ცალმხრივ" და "უკანონო" პოლიტიკურ თავდასხმად მოიხსენიებენ.
მანამდე, სმიტმა სასამართლოს ტრამპის წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევის საქმის შეწყვეტის შესახებ მიმართა. ის აღნიშნავდა, რომ საქმე აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის პოლიტიკის გამო უნდა დაიხუროს, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივ დევნას კრძალავს.
დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საქმეები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევისა და საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევის შესახებ იყო აღძრული.
აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არჩევნებამდე არაერთხელ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების შემთხვევაში ჯეკ სმიტს გაათავისუფლებდა.
დონალდ ტრამპი ბრალდებებს "პოლიტიკურად მოტივირებულს" უწოდებდა.
0
0