
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა აშშ-სკენ მიმავალ ვენესუელური ნარკოკარტელის გემს დაარტყეს.
მისი ინფორმაციით, დარტყმა საერთაშორისო წყლებში მოხდა და შედეგად სამი მამაკაცი დაიღუპა.
„დღეს დილით, ჩემი ბრძანებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა მეორე კინეტიკური დარტყმა განახორციელეს სამხრეთის სარდლობის პასუხისმგებლობის არეალში დადასტურებულად იდენტიფიცირებული, განსაკუთრებით ძალადობრივი ნარკოტრეფიკინგის კარტელებისა და ნარკოტერორისტების წინააღმდეგ. ეს უკიდურესად ძალადობრივი ნარკოტრეფიკინგის კარტელები საფრთხეს უქმნიან აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკას და აშშ-ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს“, - აღნიშნულია ტრამპის მიერ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ეს აშშ-ის მიერ ნარკოტიკებით დატვირთულ ნავზე დარტყმის განხორციელების მეორე ფაქტია მიმდინარე თვეში. მანამდე, თვის დასაწყისში, ტრამპის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დარტყმა განახორციელეს ნავზე, რომლის ბორტზე ვენესუელური ბანდის, „ტრენ დე არაგუას“ წევრები იმყოფებოდნენ და რომ 11 ადამიანი დაიღუპა.
პენტაგონს საჯაროდ არ განუცხადებია, თუ რა სახის ნარკოტიკები გადაჰქონდათ ნავით, ან რა რაოდენობით და რა ტიპის იარაღი გამოიყენეს დარტყმის განსახორციელებლად.
0
0