03/07/2024
13:11
მსოფლიო
ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ხუან მერჩანმა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განაჩენის გამოცხადება, 11 ივლისიდან 18 სექტემბრამდე გადადო. ამის შესახებ NBC News იტყობინება.
ამრიგად, დონალდ ტრამპის განაჩენი, რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კონვენციის მიერ მისი საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად წარდგენის შემდეგ, ორ თვეზე ნაჯკლებ დროში გამოცხადდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის განაჩენის გამოტანის გადადება მისმა ადვოკატებმა მოითხოვეს. მათ მეტი დრო სჭირდებათ იმის შესასწავლად, თუ როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს სასამართლო პროცესზე აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომელიც ტრამპს ნაწილობრივ იმუნიტეტს ანიჭებს დევნისგან.
1 ივლისს უზენაესმა სასამართლომ, რომელთაგანც ექვსი რესპუბლიკელების მიერ დანიშნული კონსერვატიული მოსამართლეა, დაადგინა, რომ დონალდ ტრამპს აქვს აბსოლუტური იმუნიტეტი, როდესაც საქმე ეხება ქმედებებს, რომლებიც მან განახორციელა მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში. ამავდროულად, დაცვა არ ვრცელდება მის ქმედებებზე, რომლებიც ჩადენილია "არაოფიციალურად", როგორც კერძო პირი. ამავდროულად, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ქვედა ინსტანციას დაუტოვა ტრამპის, როგორც ოფიციალური და არაოფიციალური პირის ქმედებების გამიჯვნა.
ტრამპმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას "კონსტიტუციისა და დემოკრატიის მთავარი გამარჯვება" უწოდა. გადაწყვეტილება მას კიდევ ერთ მნიშვნელოვან შესვენებას აძლევს, რადგან ეს ნიშნავს, რომ მისი სასამართლო პროცესი ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების მანიპულირების მცდელობებთან დაკავშირებით 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ გაიმართება.
იმავდროულად, ჯო ბაიდენმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და მას "საშიში პრეცედენტი" უწოდა. ”პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აღარ არსებობს საზღვრები, რომელთა გადალახვის უფლებაც პრეზიდენტს არ აქვს," - თქვა ბაიდენმა.
30 მაისს ნიუ-იორკში ნაფიცმა მსაჯულმა, პირველად აშშ-ს ისტორიაში, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა. თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა, ყოფილ პორნომსახიობ სტორმი დენიელსთან გადახდების დამალვის მიზნით, რომელიც ურთიერთობის გასაჯაროებით იმუქრებოდა, ტრამპი ბიზნეს ჩანაწერების გაყალბებაში დამნაშავედ ცნო.
ტრამპი დამნაშავედ ცნეს 34-ვე პუნქტში. ჩანაწერების გაყალბების 34 მუხლიდან თითოეული შეიძლება ისჯებოდეს ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით - ჯამში 136 წლით.
ტრამპის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ უზენაესი სასამართლოს 1 ივლისის გადაწყვეტილებამ, შეიძლება, საქმის ხელახალი განხილვა გამოიწვიოს.
0
0