28/11/2024
10:23
საზოგადოება
აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალი სატარიფო გეგმის გამო აშშ-ში, შესაძლოა, ბენზინის ფასი გაიზარდოს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
ტრამპის გეგმამ, რომელიც მექსიკიდან და კანადიდან იმპორტზე ტარიფის ზრდას გულისხმობს, შესაძლოა, ბენზინი გააძვიროს, კონკრეტულად, ერთ გალონზე 50 ცენტით.
როგორც ცნობილია, საერთო ჯამში, აშშ-ს იმპორტირებული ნავთობის ყოველი 10 ბარელიდან შვიდს კანადა და მექსიკა აწვდიან.
ტრამპის გეგმა ეწინააღმდეგება მის წინასაარჩევნო დაპირებას, შეამციროს შიდა ენერგეტიკული დანახარჯები და ბენზინის ფასი გალონზე ორ დოლარზე დაბლა დაწიოს.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ნავთობის მოპოვება რეკორდულ დონემდე გაიზარდა, ქვეყანა კვლავ საჭიროებს იმპორტს. გასულ წელს საწვავის მწარმოებლებმა დღეში 6.5 მილიონი ბარელი ნავთობი შეიტანეს, რაც ერაყისა და ქუვეითის მიერ ერთად მოპოვებულს უტოლდება.
ცნობისთვის, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან მკვეთრად გაზრდის ტარიფებს მექსიკიდან, კანადიდან და ჩინეთიდან შემოტანილ საქონელზე. ტრამპის განცხადებით, ეს ნაბიჯი წარმოადგენს საპასუხო ზომას არალეგალურ იმიგრაციასა და საზღვარზე „დანაშაულისა და ნარკოტიკების“ შემოდინებაზე.
0
0