20/05/2025
18:04

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის დროს პოლიციის მიერ მოკლული ქალის ოჯახისთვის ხუთი მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა.
როგორც „ბიბისი“ წერს, საპროცესო გარიგების ფარგლებში აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების ვეტერანი ეშლი ბაბიტის ოჯახი ხუთ მილიონ დოლარს მიიღებს, ხოლო პოლიციის ოფიცერს, რომელმაც ქალს ესროლა, ყველა ბრალს მოუხსნიან.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსი ტომ მენგერი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საშიში გზავნილია იმ სამართალდამცავებისთვის, რომლებიც ადამიანების უსაფრთხოებაზე აგებენ პასუხს.
ცნობისთვის, ეშლი ბაბიტი კაპიტოლიუმის შენობაში საპროტესტო აქციის მონაწილეთა იმ ჯგუფთან ერთად შეიჭრა, რომლებმაც შენობის ფანჯრები ჩაამსხვრიეს. ისინი წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე შეღწევას ცდილობდნენ, რომელიც იმ წუთებში მიმდინარეობდა. სწორედ ამ დროს ესროლა მას პოლიციის ოფიცერმა, ქალი მხარში დაიჭრა და შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ეშლი ბაბიტის ოჯახმა სასამართლოს მიმართა და ამტკიცებდა, რომ პოლიციელმა ქალს მაშინ ესროლა, როდესაც მას ხელები მაღლა ჰქონდა აწეული. გარდაცვლილის ოჯახი კომპენსაციის სახით 30 მილიონ დოლარს ითხოვდა.
თავის მხრივ, პოლიციელი აცხადებდა, რომ კანონმდებლები და უსაფრთხოების სამსახურის წევრები „მახეში გაებნენ და სხვა გასასვლელი არ ჰქონდათ, შედეგად სროლა მოუწია“.
2021 წლის აგვისტოში კაპიტოლიუმის პოლიციის შიდა გამოკვლევით დადგინდა, რომ ოფიცრის გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაში იყო პროცედურებთან და ამ გასროლამ ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ასევე დაასკვნა, რომ პოლიციელს დანაშაული არ ჩაუდენია.
შეგახსენებთ, რომ იანვარში თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილე 1500 პირი შეიწყალა. მათ შორის ასობით ადამიანია, რომელთაც პოლიციელებზე თავდასხმაში ედებოდათ ბრალი. დონალდ ტრამპმა ასევე გაათავისუფლა ფედერალური პროკურორი, რომელიც აღნიშნულ საქმეებზე მუშაობდა.
მარტში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეშლი ბაბიტის დიდი გულშემატკივარია და, რომ ის უდანაშაულო იყო, როდესაც ესროლეს.
0
0