
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იაპონიაში ავიამზიდ USS George Washington-ზე ამერიკელ ჯარისკაცებს მიმართა.
დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას პარალელები წინა ადმინისტრაციის მიდგომასთან გაავლო.
„წინა ადმინისტრაციებისგან განსხვავებით, ჩვენ აღარ ვიქნებით პოლიტკორექტულები. თქვენ ეს ხომ არ გაწუხებთ? შეერთებული შტატების დაცვის საქმესთან დაკავშირებით აღარ ვიქნებით პოლიტკორექტულები. ახლა თუ ომში ვიქნებით, ომს მოვიგებთ. მოვიგებთ ისე, როგორც არასდროს არავის მოუგია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა ისაუბრა იაპონიასთან ურთიერთობის შესახებაც და მას „შესანიშნავი“ უწოდა.
„შეერთებულ შტატებსა და იაპონიას ალიანსი – მსოფლიოში ერთ-ერთი შესანიშნავი ურთიერთობაა. საშინელი ომის ფერფლიდან დაბადებული ჩვენი კავშირი რვა ათწლეულის განმავლობაში გადაიქცა სასიამოვნო მეგობრობად“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ტრიბუნასთან მიიწვია იაპონიის პრემიერ-მინისტრი სანაე ტაკაიჩი.
სანაე ტაკაიჩის თქმით, ექვსი წლის წინ, ამავე ადგილას, იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე და დონალდ ტრამპი ერთად იდგნენ და აჩვენეს „თავიანთი მტკიცე განზრახვა“, რომ იაპონიამ და შეერთებული შტატებმა რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება უზრუნველყონ.
„მშვიდობის შენარჩუნება მხოლოდ სიტყვებით შეუძლებელია. მისი დაცვა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც არსებობს მონდომება და მოქმედება. იაპონია მზადაა, ფუნდამენტურად გააძლიეროს თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები და უფრო აქტიურად შეუწყოს ხელი რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას“, – აღნიშნა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ახლახან დაამტკიცა რაკეტების პირველი პარტიის მიწოდება იაპონიის თავდაცვითი ძალებისთვის.
როგორც, დონალდ ტრამპმა განმარტა, არავინ აწარმოებს იარაღსა და აღჭურვილობას ისე, როგორც შეერთებული შტატები.
„და, თუ ასე მოხდება, ამერიკელი მეზღვაურები მზად არიან, ისინი გაანადგურონ, ჩაძირონ. ყველა ამბობდა, რომ მე უნდა მიმეღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, მაგრამ ეს განცხადება კენჭისყრიდანაც გამომრიცხავს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
0
0