
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის სამხედროებს შეუძლიათ ნიგერიაში ჯარების განლაგება ან საჰაერო თავდასხმები.
ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა ნიგერიაში ჯარების ადგილზე განთავსებას ან საჰაერო თავდასხმებს, ტრამპმა უპასუხა: „შესაძლოა. მე სხვა რამეებსაც ვგულისხმობ. ბევრ რამეს განვიხილავ. ისინი ნიგერიაში ქრისტიანების რეკორდულ რაოდენობას კლავენ. ქრისტიანებს კლავენ და ძალიან დიდი რაოდენობით. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, 31 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნიგერიაში მოვლენები სახიფათოდ ვითარდება, რადგან ათასობით ქრისტიანს კლავენ. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ნიგერიაში ქრისტიანობა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას და რადიკალი ისლამისტები არიან პასუხისმგებელი „მასობრივ ხოცვა-ჟლეტაზე“. ტრამპის განცხადებას ნიგერიის ხელისუფლება გამოეხმაურა. ნიგერიის მთავრობამ პირობა დადო, რომ ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს და ამ მიმართულებით ვაშინგტონთან თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ნიგერია ღვთისმოშიში ქვეყანაა, სადაც პატივს სცემენ რწმენას, ტოლერანტობას, მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას.
1
0