23/01/2025
16:51
მსოფლიო
დონალდ ტრამპი გაპრეზიდენტების შემდეგ პირველ უცხოელ ლიდერს, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს ესაუბრა. საუდის არაბეთის მედიის ინფორმაციით, ლიდერებმა მთავარი რეგიონული საკითხები და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს.
მოჰამედ ბინ სალმანმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ საუდის არაბეთს სურს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს. სალმანმა ასევე გამოხატა ნდობა ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს წარმოადგენს ისტორიულ შესაძლებლობას ორივე ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ აღნიშნა, რომ განიხილავს საუდის არაბეთს უცხოური ვიზიტისთვის პირველ დანიშნულების ადგილად, თუ რიადი დათანხმდება 500 მილიარდი დოლარის ამერიკული პროდუქციის შეძენას.
როგორც მედია წერს, პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში ტრამპმა ხელი შეუწყო მჭიდრო კავშირებს სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, მათ შორის საუდის არაბეთთან. მედიის ცნობით, საუდის არაბეთმა ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო კომპანიაში, რომელიც ტრამპის სიძისა და ყოფილი თანაშემწის, ჯარედ კუშნერის მიერ ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა თანამდებობა დატოვა.
0
0