
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს უკრაინის საკითხზე ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი. როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, განხილული იქნება აშშ-ის ქმედებების სხვადასხვა ვარიანტები, მათ შორის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება ან სრული გაუქმება.
თეთრ სახლს ოფიციალურად ასეთი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ცნობისთვის, 28 თებერვალს ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებები თეთრ სახლში მწვავე კამათის ფონზე დასრულდა, რის შემდეგაც უკრაინულმა დელეგაციამ ვადაზე ადრე დატოვა თეთრი სახლი. არ იქნა ხელმოწერილი მომზადებული შეთანხმება წიაღისეულის მოპოვებაში თანამშრომლობისა და საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ. ამის შემდეგ, როგორც თავად აშშ-ს პრეზიდენტმა, ისე ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებმა განაცხადეს, რომ ეჭვი ეპარებათ უკრაინის პრეზიდენტის რუსეთთან მშვიდობისაკენ სწრაფვაში. გარდა ამისა, ისინი მიიჩნევენ, რომ ზელენსკიმ გამოიჩინა უპატივცემულობა ტრამპის მიმართ, როდესაც პოლემიკაში შევიდა.
0
0